სექტემბერი 29, 2023

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ნაპოლი სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრას 8 იანვარს, სტუმრად გენუის სამპდორიასთან გამართავს. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც შეკითხვა 21 წლის ქართველ შემტევზეც დაუსვეს.

 

სატურნირო ცხრილის ლიდერმა წელიწადი მილანში ინტერთან წაგებით (0:1) დაიწყო და ამით მეტოქეებს ჩამორჩენის შემცირების შესაძლებლობა მისცა.”სან სიროზე” გამართული შეხვედრა პირველი ოფიციალური მატჩი იყო ხვიჩასთვის ლივერპულთან მატჩში შემოდგომით მიღებული ტრავმისა და სანაკრებო პაუზის შემდეგ. კვარაცხელია ინტერთან არ იყო ძველებურად ეფექტური, რამაც მედიაში შეკითხვები გააჩინა.

“როდესაც მის (ხვიჩა კვარაცხელიას) გაკრიტიკებას ცდილობთ, მე მისი პირველი დამცველი ვიქნები. როდესაც მას აქებდით, თავშეკავებისკენ მოგიწოდებდით. მაღალი კლასის ფეხბურთელები იოლად ექცევიან საყოველთაო ყურადღების ცენტრში, როდესაც რაღაც ისე არ გამოსდით, როგორც სჩვევიათ. მაგრამ ჩემი აზრით, მას ურიგოდ არ უთამაშია. ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც თავისუფალი ზონების მოძებნას ცდილობდა. ერთი-ორჯერ დაარტყა, საკუთარ თავზე აიღო თამაში.

 

მხოლოდ უნდა დაველოდოთ, როდის დაიბრუნებს სრულებით თავდაჯერებას მატჩის დროს. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და ვარჯიშებზეც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ჩვეულებრივ ასრულებს იმ ყველაფერს, რასაც მისგან მივეჩვიეთ.

 

ზოგჯერ წააგებ, მაგრამ ჩვენი სეზონი კვლავაც შეიძლება წარმატებულად მივიჩნიოთ. ინტერთან მატჩით იმედგაცრუებულები იმის გამო ვართ, რომ ვერ გავაკეთეთ ის, რაც გვსურდა. გვინდა ვაჩვენოთ თამაში რთულ მატჩებში ისეთ მეტოქეებთან, რომლებიც ასევე იბრძვიან ჩემპიონობისთვის და გამარჯვება სწყურიათ. მომდევნო თამაშში (სამპდორიასთან) 3-4 ცვლილება იქნება”, – თქვა სპალეტიმ.

 

ნაპოლი სერია A-ში გასული 16 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 41 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მილანს 5 ქულით უსწრებს. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 13 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი, მიითვალა 5 საგოლე პასი და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *