აგვისტო 8, 2022

ხვიჩა კვარაცხელიას “პერუჯასთან” თამაშს და გატანილ გოლს იტალიაში გამოხმაურება მოჰყვა.

 

“კვარაცხელიამ დიმაროში, ალპების ჩრდილში ისევ სანახაობრივი თამაშით აღაფრთოვანა პუბლიკა და ისევ გაიტანა გოლი”, – წერს “კორიერე დელო სპორტი”.

 

“კვარაცხელია უკვე ოქროა ნეაპოლისთვის. როგორც იქნა, “ნაპოლიმ” შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა – სერია B-ს “პერუჯა” 4:1 დაამარცხა. ისევ კაშკაშებდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ვიქტორ ოსომჰენთან კედელი გითამაშა და გოლი გაიტანა, – აღნიშნავს Calcioinpillole.

 

ჟურნალისტმა რაფელე აურიემამ ქართველის თამაშზე კომენტარი “ინსტაგრამზე” გააკეთა: “რამდენიმე თვის მანძილზე ვაკვირდებოდი კვარაცხელიას და ვარაუდობდი, რომ თვით “ნაპოლიშიც” დაამტკიცებდა თავის დიად

უნარებს. ეს გოლი ამის ნათელი დადასტურებაა, მაგრამ ახლა კლუბმა დაკომპლექტება უნდა დაასრულოს”.

 

ბევრი მიიჩნევს, რომ “ნაპოლი” გაძლიერებას საჭიროებს, რაც “პერუჯასთან” სპარინგისასაც გამოჩნდა. ჟურნალისტი ნიკოლა სკირა იტყობინება, რომ ნეაპოლელები მალე თავდამსხმელ ჟერარ დეულოფეუს 15 მილიონ ევროდ შეიძენენ, კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ და სეზონურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონს დაუნიშნავენ. გასულ სეზონში მან “უდინეზეს” რიგებში 35 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 28 წლის დეულოფეუს გვარი კატალონიურად ნიშნავს – ის შექმნა ღმერთმა. “ბარსელონას” აღზრდილია და ამ გუნდის ღირსებას 2011-2015 და 2017-2018 წლებში იცავდა. აგრეთვე “ევერტონში”, “სევილიაში”, “მილანსა” და “უოტფორდში” ასპარეზობდა. ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ხოლო ეროვნულ გუნდში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას აგრეთვე ნახევარდაცვის ორივე ფრთაზე შეუძლია ითამაშოს.

 

დეულოფეუსა და პაულო დიბლას შესაძლო ტრანსფერებზე Sky Sport-თან “ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა: “დიბალას მაღალი მოთხოვნები აქვს. კლუბს ამაზე დაფიქრება მოუწევს. ბევრ ფეხბურთელს ზაფხულის ბოლოს შეიძენენ. ახლა ძნელია ფულის მოძიება. ჯერ ვინმეს გაყიდვა და ვინმეს იჯარით გაშვებაა საჭირო. არ ვიცი, ეს რამდენად ეხება დიბალას. მისით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. დეულოფეუს შესახებ ჩვენს სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის ვესაუბრე და მას ვენდობი. სიტუაციას ის აკონტროლებს. უკანასკნელ მომენტში შესაძლებელია მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.