მარტი 21, 2023

ქართველი გულშემატკივრის ყურადღება ახლა ხვიჩა კვარაცხელიასკენაა მიპყრობილი, რომელიც სულ მალე ნეაპოლიტანური თავგადასავალს დაიწყებს.

ხვიჩამ “დინამო ბათუმის” უკანასკნელი ორი მატჩი უკვე გამოტოვა. ერთა ლიგაზე ზედიზედ 4 შეხვედრის თამაშის შემდეგ მას დასვენების საშუალება მიეცა, თუმცა ეს არც ისე დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.

“ნაპოლის” შეკრება 8 ივლისს იწყება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეკრების დაწყებისას კვარაცხელია უკვე “პარტენოპეის” შემადგენლობაში იქნება და 2022/2023 წლების სეზონისთვის მზადებას ახალ თანაგუნდელებთან ერთად შეუდგება.

ნეაპოლიტანურ კლუბს ამხანაგური მატჩები ჯერ არ დაუგეგმავს. ამიტომ ვერ ვიტყვით, როდის ითამაშებს კვარა თავის პირველ მატჩს მათი მაისურით. სამაგიეროდ, ვიცით, რომ სერია ა სტარტს 13 აგვისტოს აიღებს. მაშასადამე, ხვიჩას ოფიციალური დებიუტის დაახლოებით თარიღად სწორედ ეს დღე უნდა მოვიაზროთ.

ბუნებრივია, უფრო მეტი მაშინ გვეცოდინება, როდესაც იტალიის ჩემპიონატის კალენდარი გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მონაწილეც იქნება და კვარაცხელიას ევროპის მთავარ ტურნირზე თამაშიც შეეძლება.

13 ნოემბერს ხვიჩას თავისი იტალიური კარიერის პირველი პაუზა ექნება – აპენინელები ჩემპიონატს გააჩერებენ და ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუშვებენ (იქ, სადაც “სკუადრა აძურას” ვერ ვიხილავთ). წინასწარი ცნობებით, ტურნირი 2023 წლის 4 იანვარს განახლდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.