
23 ივნისს ფიფას ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდება. როგორ აისახება იქ საქართველოს ნაკრების წარმატებული სერია ივნისის სანაკრებო პაუზისას? რომელ ადგილზე იქნება ვილი სანიოლის გუნდი ჯერ კიდევ ცნობილი არაა, თუმცა ვიცით, რომ მას ამ ოთხ თამაშში (3 გამარჯვება, 1 ფრე) 20.15 ქულა შეემატა.
ბოლოს რეიტინგი 31 მარტს გამოქვეყნდა, მასში საქართველოს ნაკრები 1 276.31 ქულით 85-ე პოზიციაზეა. ჩვენი გუნდი აუცილებლად დაწინაურდება. გიბრალტარის დამარცხებამ ნაკრები მხოლოდ 2.50 ქულით გაამდიდრა, სამაგიეროდ, კარგი ქულები აიღო გუნდმა ბულგარეთში (8.37) და ჩრდილოეთ მაკედონიაში (8.85) მოგებებით. ბულგარეთთან შინ ფრემ კი გუნდს ძალზე უმნიშვნელო 0.42 ქულა მოუტანა. ჯამში ამ ყველაფერმა +20.15 ქულა შეადგინა და ახალ სიაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 1 296.46 ქულა ექნება.
მიმდინარე (LIVE) რეიტინგში ამის წყალობით, საქართველოს ნაკრები 4 საფეხურით დაწინაურდა და 81-ეა, მაგრამ ცვლილება შესაძლოა, ისევ მოხდეს. ჩვენს წინ, მე-80 პოზიციაზე მყოფ უზბეკეთის ნაკრებს 1 296.88 ქულა აქვს და თუ 14 ივნისს ტაილანდს ვერ მოუგებს, გადავასწრებთ. ერთი ისაა, რომ უზბეკეთი ამ წყვილში აშკარა ფავორიტია.
სამაგიეროდ, ჩვენი გადასწრება შეუძლია ჰონდურასს, რომელიც 14 ივნისს კანადას მასპინძლობს და მოგების შემთხვევაში 17 ქულაზე მეტი დაემატება (სამწუხაროდ, კონკაკაფის ტურნირს, უფრო დიდი წონა (25 ქულა) აქვს, ვიდრე ევროპის ერთა ლიგას (15). ესეც ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ამ წყვილში სტუმარი კანადაა ფავორიტი.