
თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია ავტოავარიაში მოყვა. ინციდენტი 10 ივნისს, საღამოს აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ფეხბურთელის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დელეგაციის სხვა წევრები არ დაშავებულან. როგორც ბულგარულ მედიაში დაიწერა, ნედელევი ავტობუსში უკანა სავარძელზე იმყოფებოდა და დაჯახების მომენტში ყველაზე მეტად ის დაშავდა. სახისა და თავის არეში მინის ნამსხვრევები მოხვდა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო.
ლევან კობიაშვილი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):
“ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო. სამწუხაროა, რომ ჩვენ კოლეგებს, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში, მგზავრობისას ასეთი ფაქტი შეემთხვათ. ბულგარელი ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დელეგაციის წევრები თავს კარგად გრძნობენ და მატჩისთვის ემზადებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს ყველა საჭირო დახმარებას უწევს. მინდა, ბულგარეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელსა და დელეგაციის წევრს კარგად ყოფნა ვუსურვო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარი ფაქტის გამო წუხილი გამოთქვა და ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, 12 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა სრულად შეივსება. ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს საქართველოსა და ბულგარეთს შორის 54 139 ადამიანი დაესწრება.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, 20:00 საათიდან შემოგვთავაზებს.