მარტი 31, 2023

ბულგარეთი-საქართველო 2:5… მშვენიერი მატჩი ჩაატარა ვილი სანიოლის გუნდმა, ჩანდა უპირატესობა ტაქტიკურად, ტექნიკურად და მერე გამოჩნდა, რომ ფსიქოლოგიურ კომპონენტშიც.

 

შარშან 8 სექტემბერს საქართველომ 1:4 წააგო ბულგარეთში. იქიდან 9 თვეა გასული და რა ხდება, იგივე ნაკრებები, იგივე მწვრთნელებით… 180 გრადუსით ტრიალდება ამბავი. რა მოხდა? ბუნებრივია, ყველას უჩნდება კითხვა, თუ რა შეიცვალა ასე სასიკეთოდ საქართველოს ნაკრებში.

 

საქართველომ ზედიზედ მე-7 წაუგებელი მატჩი ჩაატარა, მაგრამ უფრო შთამბეჭდავია სხვა სტატისტიკები: 12 ტაიმი გოლი არ ჰქონდა გაშვებული!.. ეს ჯამში 6 თამაშია. და რაც მთავარია, ამ 7 შეხვედრიდან 6 მოიგო, ბურთების საერთო შეფარდება კი ასეთია: 15:2.

 

5 ფაქტორს გამოვარჩევთ.

 

 

 

…ხვიჩა კვარაცხელია. როცა ასეთი ფეხბურთელი გყავს, ერთა ლიგის C დივიზიონში დიდი პლუსია. გამორჩეული ინდივიდუალისტი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

 

…სამმცველიანი სისტემა და კომბინაციური თამაშის გაუმჯობესება. სამმცველიანში ჩანს აზაროვი-კვარაცხელიას მარცხნიდან აწიოკებები. მარცხენა ფლანგი უფრო შემტევია, ვიდრე მარჯვენა. აქვე ვიტყოდით ვარირებებზე, რასაც ახდენს ხოლმე მწვრთნელი. მარჯვნიდან კაკაბაძე ზოგჯერ სამ მცველს შორის ერთ-ერთია, ხოლო როცა გასვლითი მატჩია, ან ფრთხილი ტაქტიკა, მაშინ მთელ ფლანგზე ათამაშებენ (როგორც ბულგარეთთან). აქ მეტოქესაც გააჩნია, რამდენად ძლიერი მარცხენა გარემარბი ჰყავს.

 

…გრძელი სკამი. ნაკრებში საკმაოდ მოგროვდნენ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელები და თითო-ოროლას გარდა, გარანტირებული არავის აქვს ძირითადში ადგილი. კვარაცხელია… კაშია… კიდევ? ბევრს ხომ ვერ ჩამოვთვლით. ამიტომ კონკურენციაა ვარჯიშებზე და თამაშებში, რაც აისახება კიდეც ნაკრებში. გააქვს ბუდუ ზივზივაძეს, გააქვს გიორგი მიქაუტაძესაც, კარგი იყო დავით ვოლკოვიც.

…ატმოსფერო ნაკრებში. ეს იმ სიტუაციიდანაც ჩანდა, საბა ლობჟანიძემ რომ პასი მისცა გიორგი მიქაუტაძეს. ბიჭები ერთმანეთს პატივს სცემენ. შესაძლოა, არ იყო მეგობარი, გადაბმული ძმაკაცი, მაგრამ მოედანზე ეს არ იგრძნობოდეს. უფროსი ხალხისგან გამიგია, რომ კიევის დინამოელები 80-იანებში ბევრნი ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ მოედანზე სულ და გულს დებდნენ, ერთმანეთისთვის თავს იკლავდნენ.

…გულშემატკივარი. რამხელა ფაქტორია, ეს გამოჩნდა. ქართული სპორტის ქომაგებმა ბულგარეთში ტრიბუნა მოიგეს. დაუშვეს ხალხი სტადიონზე და ახლა შეადარეთ ნაკრების უმაყურებლო მატჩებში ნაჩვენები შედეგები დღევანდელს. რამდენიმე დღის წინ გვეწერა საინტერესო რიცხვებზე: საქართველო-გიბრალტარი – 43 412 მაყურებელი!.. და ამ შეხვედრამ დასწრების მხრივ ჩამოიტოვა ესპანეთი-პორტუგალია, ჩეხეთი-შვეიცარია, ბელგია-ნიდერლანდები, პოლონეთი-უელსი… გრანდები, ან ნახევარგრანდები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.