
გიორგი მაკარიძის ალმერია ესპანეთის ლა ლიგაში აღზევდა.
ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად ლეგანესს დაუზავდა (2:2), რის შედეგადაც ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა. ალმერიამ სეზონი 81 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და ბურთების უკეთესი ბალანსით აჯობა ვალიადოლიდს, რომელიც ასევე გადავიდა ლა ლიგაში. ლეგანესთან შეხვედრაში გიორგი ტრადიციულად სათადარიგო იყო, თუმცა, ყვითელი ბარათის მიღება მაინც “მოახერხა”.
სხვათა შორის, ვალიადოლიდმა ლა ლიგის საგზური დრამატულად მოიპოვა, რადგან ამ ტურამდე მე-3 ადგილზე იყო, მაგრამ თავად უესკა დაამარცხა (3:0), ხოლო ამ ტურამდე ლიდერი ეიბარი მოულოდნელად ალკორკონთან დამარცხდა (0:1). ამგვარად, ეიბარი, რომელიც ბოლო ტურის წინ ლიდერი იყო, მე-3 ადგილზე დაქვეითდა და ლა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა პლეი ოფში მოუწევს, სადაც მის გარდა, ტენერიფე, ლას პალმასი და ჟირონა ითამაშებენ.
ალმერია ლა ლიგაში ბოლოს 2014/15 წლების სეზონში იყო და ამჯერად, უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება შეძლო. მაკარიძე მიმდინარე სეზონში გუნდის მე-2 მეკარე იყო და სულ 4 მატჩი ჩაატარა (3 ესპანეთის თასზე, 1 – ლა ლიგა 2-ში). გიორგი ალმერიაში 2020 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში მუდმივად ძირითადში ხვდებოდა. 32 წლის ქართველ მეკარეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.