• იანვარი 21, 2022 10:34 am

მანჯგალაძე: “იღბალმა ზურგი გვაქცია”

აწ უკვე დასრულებულ სეზონში ბათუმის “დინამომ” ნანატრი ჩემპიონობა იზეიმა. აჭარულმა კლუბა უახლოეს მდევარ “დინამო თბილისს” 5 ქულით გაუსწრო და აღნიშნული ტიტული დამსახურებულად მოიპოვა. აჭარულ კლუბში საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი ჰქონდა ნახევარმცველ გიული მანჯგალაძეს, რომელმაც ჩემპიონატში ჩატარებულ 29 მატჩში თავი 3-ჯერ გამოიჩინა, ერთხელ კი თავის გამოჩენა ევროსარბიელზეც მოახერხე, როდესაც “ტრე პენეს” კარი აიღო. სეზონის დასრულების შემდეგ მანჯგალაძემ ბათუმური კლუბი დატოვა. ჩვენ ფეხბურთელს დავუკავშირდით და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ:

პირველ რიგში გილოცავ საქართველოს ჩემპიონობას. როგორ შეაფასებდი გასულ სეზონს?

დიდი მადლობა. სეზონი საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი გამოდგა. უნდა ითქვას, რომ არც თუ ისე ცოტა ძალისხმევა დაგვჭირდა რათა ეს შედეგი მიგვეღო. საბოლოოდ დამსახურებული ჩემპიონობა ვიზეიმეთ, რაშიც ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, რა თქმა უნდა მათ შორის ჩვენმა გულშემატკივრებმაც.

“დინამო ბათუმმა” ევროსარბიელზე საკმაოდ ნორმალურად იასპარეზა. შენი აზრით, რა დააკლდა კლუბს წარმატების მისაღწევად?

ვფიქრობ, საკმაოდ დადებითი გამოსვლა იყო. ვერ ვიტყვი, რომ “სივასპორთან” რამე დაგვაკლდა ტექნიკური თვალსაზრისით ან მონდომების მხრივ. უბრალოდ აქ იღბალმა ზურგი გვაქცია და შემდეგ ეტაპზე ჩვენი მეტოქე გავიდა.

შენ ეს ტიტული მეორედ მოიპოვე. პირველად ეს “სამტრედიასთან” ერთად მოახერხე. და მაინც, რომელ ჩემპიონობას გამოყოფდი?

გამიჭირდება რომელიმეს გამოყოფა. ორივე ჩემპიონობა ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო.

გამორიცხულია არ შევეხოთ ბათუმელი გულშემატკივრების თემას. რამდენიმე სიტყვით დაგვიხასიათე ბათუმელი ფანები?

ბათუმში ცხოვრება უფრო კარგად გაგრძნობინებს პირატების და მთელი ბათუმის გულშემატკივრების როლს.  ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა ქალაქში მათი არსებობა, გუნდის სიყვარული და გულშემატკივრობა. ისინი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენენ და ნამდვილად მე-12 მოთამაშეები არიან.

როგორც ცნობილია, “დინამო ბათუმი” დატოვე. რა გახდა გუნდის დატოვების მთავარი მიზეზი და როდის გაირკვევა ახალი გუნდის ვინაობა?

“დინამოს” დატოვება სუფთა სპორტული ინტერესიდან გამომდინარე მოხდა. მეტი სათამაშო დრო და აქტიურად თამაშის სურვილი იყო ამ მომენტში პრიორიტეტული, რაშიც გუნდმა გამიგო და ხელშეკრულება გავწყვიტეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგად და მეგობრულად დავემშვიდობე გუნდს და მინდა მადლობა გადავუხადო მათ  ყველაფერისთვის.

შეგიძლია კონკრეტული გუნდის ან ჩემპიონატის დასახელება, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებ?

მაქვს შემოთავაზებები როგორც უცხოეთიდან ისე ქართული გუნდებიდან, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გუნდის დასახელებისგან თავს შევიკავებ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.