• იანვარი 17, 2022 1:43 pm

“ვალენსიაში” სიტუაცია კრიტიკულია – მორიგი შანსი მამარდაშვილს?!

ესპანეთის ჩემპიონატში დიდებული სტარტის შემდეგ, “ვალენსიას” დიდი პრობლემები აქვს – კლუბი ყოველ მატჩში უფრო და უფრო მეტ გოლს უშვებს, სიტუაცია კი დამაიმედებელი ნამდვილად არ არის.

 

ღამურებმა ლა ლიგაში ბოლო დაპირისპირება “ატლეტიკოსთან” გამართეს და უხგვოლიანი ფრე (3:3) გააგორეს. მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მედიასთან ისაუბრა.

 

“მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დარტყმა მივიღეთ, არ დავნებდით და ქულა მოვიპოვეთ. პირველ ტაიმში ერთადერთი შეცდომა დავუშვით, რაც გაშვებულ გოლად დაგვიჯდა. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს – ჩვენ ისეთ გოლებს ვუშვებთ, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ.

 

“ატლეტიკოსთან” ფრე არის ის, რაც უნდა დაიმსახურო, მაგრამ სავსებით შეგვეძლო, რომ პირველი და მეორე გოლებისგან თავი აგვერიდებინა.

 

უკვე 20 გოლი გვაქვს გაშვებული, ეს შემაშფოთებელია. ხშირად პირველები ვუშვებთმ რის შემდეგაც რეაგირება გვიწევს. ამ მხრივ ბედნიერი ვერ ვიქნები. ეს ტენდენცია სანაკრებო პაუზის შემდეგ უნდა შევცვალოთ”, – განაცხადა ბორდალასმა.

 

ბუნებრივია, გაშვებულ გოლებში პასუხისმგებლობა დაცვასთან ერთად იასპერ სილესენსაც ეკისრება, რომელმაც მე-6 ტურის შემდეგ, ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო.

 

არავინ იცის, რას გულისხმობს ბორდალასი ტენდენციის შეცვლაში, თუმცა ცხადია, ამ ეტაპზე მამარდაშვილის ძირითად თერთმეტეულში დაბრუნების შანსები საკმაოდ სოლიდურია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.