საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ივნისის თვეში გასამართი სანაკრებო შეხვედრებისთვის შერჩეული შემადგენლობის შესახებ, გუნდის სათამაშო ფორმისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ სასტუმრო შერატონში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“მე გადავწყვიტე, რომ ჩემს ასისტენტებთან ერთად საქართველოში ვიცხოვრო. არ ვაპირებ სასტუმროში დარჩენას, მინდა თბილისში სტაბილურად ვიყო და კარგად გავიცნო საქართველო თავისი კულტურით, ხალხით და ა.შ. სასურველია, რომ იმ ქვეყნის შესახებ ბევრი ინფორმაცია გქონდეს, რომელშიც სამუშაოდ ჩადიხარ, ამიტომ, ჩემი მიზანი საქართველოში ცხოვრებაა და ამაში დახმარებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობას ვუხდი.

ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ლიგის მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან და სხვა წარმომადგენლებთან საუბარი მექნება, რათა მეტი კომუნიკაციისა და საერთო ძალისხმევის დამსახურებით, ქართულ ფეხბურთში არსებული სხვადასხვა ნიუანსები გამოვასწოროთ, მათ შორის ფიზიკური მომზადება, რა მხრივაც თანამედროვე ფეხბურთს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. ვფიქრობ, უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში, ამ მხრივ უკეთესი მონაცემები გვექნება.

პირველი რიგში, საწყის სამ შეხვედრაზე ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, მეტი ქულის აღება შეგვეძლო. ამ მატჩებმა გვაჩვენა, რომ არის გარკვეული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა უფრო მაღალ დონეზე ავიდეთ. ამ შეხვედრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ შედეგის თვალსაზრისით რაღაც განსაკუთრებულთან ახლოს ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა მომავალში უკეთესი შედეგები გვექნება.

ბათუმის ახალი სტადიონით მოხიბლული ვარ. ნამდვილად არაჩვეულებრივი გარემო და ატმოსფერო ვნახე. რა თქმა უნდა, ეს სტადიონი ზომით სხვა არენებისგან განსხვავდება, თუმცა ხარისხი უმნიშვნელოვანესია და სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრები შემოდგომაზე იქ სამ შეხვედრას გამართავს და იქ არსებულ შესანიშნავ გარემოს შეიგრძნობს.

წინასწარ, ტაქტიკაზე საუბარი არ მსურს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შანსს ყველა ფეხბურთელს მივცემთ. ივნისი არ არის საუკეთესო დრო ფეხბურთელბისთვის, რადგან პანდემიის გამო, ყველას ძალიან რთული და დამღლელი სეზონი ჰქონდათ. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს პროგრესი, წინ მივდივართ და ვთვლი, რომ ამ გუნდმა თავისი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინა. მეტი წინსვლისთვის, აუცილებელია ბურთზე უფრო დიდი კონტროლის დაწესება. ჩვენთვის პრიორიტეტი შემოდგომაზე გასამართი შეხვედრებია” – თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.