• იანვარი 25, 2022 4:55 pm

ელენე ენჯიბაძე”ძალიან კარგი გუნდია, ბავშვები ხომ საერთოდ”


Marca.ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “გორი იუნაიტედის” მარცხენა ნახევარმცველს, ელენე ენჯიბაძეს, მას რამდენიმე კითხვა დაუსვა და სრულყოფილი პასუხებიც მივიღეთ.

-რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და რას ნიშნავს თქვენთვის იყო ფეხბურთელი? – ფეხბურთის თამაში დავიწყე 5-6 წლიდან, თავდაპირველად ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი და 11 წლის ასაკში მამამ მიმიყვანა ქალთა გუნდ “ივერიაში”, ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, ჩემი მეორე ოჯახია.

რამ ან ვინ გადაგაწყვეტინათ, გამხდარიყავით ფეხბურთელი?   – საზოგადოებიდან და ოჯახიდან წამოვიდა აზრი, რომ მე მეთამაშა ფეხბურთი, რასაკვირველია მეც მსურდა, რომ ასე ყოფილიყო, მათ სჯერათ ჩემი და ვეცდები  იმედები გავამართლო.

– ელოდით თუ არა საკუთარი თავისგან იმ შესაძლებლობას, რაც ამჟამად გაქვთ? – არ ველოდი, მაგრამ იმედი მქონდა, ვიბრძვი, რომ განვითარდე, უფრო და უფრო მეტი შევძლო ჩემს პროფესიაში.

-რომელ პოზიციაზე თამაშობთ და რამდენად რთულია? – ვთამაშობ მარცხენა ნახევარმცველად, მიყვარს ეს პოზიცია, იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ ვცდილობ გამოვასწორო ჩემი შეცდომები და განვითარდე.

-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ფეხბურთთან დაკავშირებით? – ოცნება მაქვს, რომ ვითამაშო დიდი ფეხბურთი და ყველაფერს გავაკეთებ ოცნების აღსასრულებლად.

– როგორია თქვენი აზრით ახალგაზრდული ფეხბურთი? – ძალიან კარგი რამ არის, გეძლევა შესაძლებლობა აჩვენო, თუ რა შეგიძლია.

-ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში დღითიდღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ფეხბურთის მიმართ? –  უფრო მეტი აქტივობა უნდა იყოს დაგეგმილი ,ფეხბურთისადმი და გავზარდოთ ინტერესი.

– როგორ შეაფასებდით საქართველოში შიდა ჩემპიონატის დონეს? –  ძალიან კარგია.

-ჩვენი ინფორმაციით გორი იუნაიტედში ახალი გადმოსული ხართ, როგორ შეაფასებთ გუნდს? – ძალიან კარგი გუნდია, ბავშვები ხომ საერთოდ, მჯერა, რომ ბევრს მივაღწევ მათთან ერთად, თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას.

– და ბოლოს რას ეტყოდით თქვენი გუნდის გულშემატკივრებს? – ვეცდები გავამართლო იმედები და შემოგთავაზოთ კარგი და სასიამოვნო თამაშები, მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.