• იანვარი 18, 2022 5:23 pm

გიორგი მამარდაშვილს შანსი აქვს კარიერა “ვალენსიაში” გააგრძელოს

თბილისის ლოკომოტივში განათხოვრებულ გიორგი მამარდაშვილს შანსი აქვს კარიერა ვალენსიაში გააგრძელოს.

ესპანურმა კლუბმა უკვე გაუგზავნა ოფიციალური შეთავაზება დინამო თბილისს, რომელიც მამარდაშვილის სატრანსფერო უფლებებს ფლობს.

ამ შემთხვევაში, დინამოსა და ლოკომოტივს შორის შეთანხმება გადაწყვეტს, გადავა თუ არა მამარდაშვილი ვალენსიაში.

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო უფლებებს დინამო ფლობს, 20 წლის მეკარეს ლოკომოტივთან საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს.

 ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორის გიორგი ყიფიანის თქმით, ლოკომოტივი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს დინამო თბილისთან აწარმოებს, ამასთანავე ყიფიანმა აღნიშნა, რომ ლოკომოტივი ფეხბურთელს კარიერის უკეთეს გუნდში გაგრძელბაში ხელს არ შეუშლის.

“ამ ეტაპზე საუბარი მიმდინარეობს ჩვენსა და დინამო თბილისს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთელის საიჯარო კონტრაქტი ჩვენთან კიდევ ექვსი თვით აკავშირებს. დღეის მდგომარეობით განიხილება რამდენიმე ვარიანტი, საუბარი აქ მხოლოდ ერთ წინადადებაზე არ არის. ცხადია, ლოკომოტივი ხელს მის არცერთ ფეხბურთელს უშლის და მომავალშიც ასე იქნება“, – ამბობს ყიფიანი.

ზედიზედ მეორე სეზონია, მამარდაშვილი ლოკომოტივში განათხოვრების წესით თამაშობს. დინამო თბილისის აღზრდილი მეკარე, მანამდე ასევე საიჯარო ხელშეკრულებით რუსთავის შემადგენლობაში იყო.

Transfermarkt-ი ქართველ მეკარეს 800 000 ევროდ აფასებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.