• იანვარი 28, 2022 11:24 pm

„სამგურალის” ახალი გმირი სერგო კუხიანიძე – „დინამოსთან” გოლზე ისეთი ემოცია მქონდა, ჟრუანტელმა დამიარა

„სამგურალის“ თავდამსხმელმა სერგო კუხიანიძემ  „დინამო თბილისთან“ მატჩი შეაფასა, რომლის ერთ-ერთი გმირი თავად იყო და გოლი გაიტანა.

იგი ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. 21 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 10 მატჩში 4 გოლია. ამ ოთხი გოლიდან ორი „დინამო თბილისის“ კარში გაიტანა – პირველ ტურში „დინამო-არენაზე“ გუნდს ქულა მოუტანა, მე-10 ტურში კი – გამარჯვება. მას კომენტარი ამ თემაზეც ჩამოვართვით:

„ყველა გოლი სასიამოვნო და დიდი სტიმულია. პირველი გოლი „დინამოსთან“ ყოველთვის დამამახსოვრდება, რადგან „დინამო-არენაზე“ პირველად ვითამაშე. ახლა თუ ვნერვიულობდი? მოედანზე გასვლისას მხოლოდ ერთი აზრი მაქვს – გავიტანო და გუნდს დავეხმარო. ჩვენი გუნდიც ასეთია – გვინდა, რომ ხალხს ბრძოლა და ჟინი ვაჩვენოთ“.

კუხიანიძემ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:

დინამოელებთან ანგარიში რომ გავხსენი, ტრიბუნებიდან იმხელა ემოცია წამოვიდა, ჟრუანტელმა დამიარა და აქამდე ამ განცდებში ვარ. ამდენ ხალხს რომ გაახარებ, ორმაგი მოტივაციაა. ბლომად გულშემატკივარი იყო და ამან თითოეულ ჩვენგანს დიდი სტიმული მისცა“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.