• იანვარი 25, 2022 5:33 pm

თორნიკე ოქრიაშვილი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ანორთოსისს დატოვებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ანორთოსისს დატოვებს. ამის შესახებ კვიპროსული გუნდის პრეზიდენტმა ევგენიოს ამბულასმა განაცხადა, რომლის თქმით, ქართველმა ფეხბურთელმა წასვლა თავად ითხოვა.

ოქრიაშვილს კონტრაქტი ეწურება და მიუხედავად იმისა, რომ მას ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს, კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება უნდა და ამიტომაც, კლუბი მას შეელევა.

“ოქრიაშვილს წინადადება შევთავაზეთ, მაგრამ ფეხბურთელმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ კარიერა სხვაგან გააგრძელოს. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, იცის, რომ გვინდა ჩვენთან ითამაშოს, მაგრამ როდესაც ის გეუბნება, რომ კვიპროსიდან წასვლა უნდა, ვერაფერს ვიზამთ და ძალით ვერავის გავაჩერებთ”, – თქვა ამბულასმა.

ოქრიაშვილს და ქვილითაიას ამ სეზონში ჯამში 24 გოლი აქვთ გატანილი
ოქრიაშვილს და ქვილითაიას ამ სეზონში ჯამში 24 გოლი აქვთ გატანილი

მან ოქრიაშვილის წასვლა თუ დააანონსა, ჯერ უცნობია გიორგი ქვილითაიას მომავალი, რომელსაც საიჯარო კონტრაქტი ეწურება. კვიპროსელებს მისი შენარჩუნებაც სურთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ბელგიურ გენტზეა დამოკიდებული, რომელსაც ქართველი ფორვარდის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის.

“ქვილითაია გენტს ეკუთვნის. თუ ისინი კვლავ იჯარით გაშვებას გადაწყვეტენ, იციან ჩვენი სურვილი, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თავიანთ განზრახვას პირველი ჩვენ შეგვატყობინებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი მაინც ის არის, ყველაზე მეტ ფულს ვინ გადაიხდის”, – განაცხადა ფამაგუსტელთა პრეზიდენტმა.

ანორთოსისი კვიპროსის თასის ფინალში ოლიმპიაკოსს შეხვდება
ანორთოსისი კვიპროსის თასის ფინალში ოლიმპიაკოსს შეხვდება

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ანორთოსისში 2019 წელს გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა, რითაც გუნდის მეორე გოლეადორია. გიორგი ქვილითაია კი 33 მატჩში გატანილი 15 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.