საქართველოს ნაკრების და ნაპოლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ბოლო დროს საუკეთესო ფორმისგან შორსაა. უკანასკნელ ორ შეხვედრაში ნეაპოლელთა ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ შეცვალა, რამაც დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია.
უკვე საუბრობენ იმაზე, რომ კვარა ნაპოლიში შეიძლება ბოლო სეზონს ატარებდეს. ამ ყველაფერს დაემატა მისი აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადება: “გრანდებიდან შეთავაზებები არის, როგორ შეიძლება ასე არ იყოს? ყველაფერი მაისში გაირკვევა”, – თქვა ჯუღელმა.
სწორედ ამ კომენტარს გამოეხმაურა ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport, რომლის წერილში აღნიშნულია, რომ ჯუღელის განცხადება ნაპოლიზე ზეწოლის მოხდენას ემსახურება:
Gazzetta Dello Sport: “მაისამდე 3 თვე დარჩა და ყველამ იცის, რომ აურელიო დე ლაურენტისი უნდა შეხვდეს კვარას გარემოცვას კონტრაქტის განახლებაზე სასაუბროდ. ნაპოლისთვის ამ ნეგატიურ პერიოდში, იმავე კვარასთვის სირთულეების მომენტში, რა აზრი აქვს აგენტის ასეთ განცხადებას? მით უფრო, როცა ხვიჩა ბოლო ორ მატჩში ცუდი თამაშის გამო შეცვალეს. ისეთი შეგრძნებაა, რომ ჯუღელს უნდა ზეწოლა მოახდინოს ნაპოლიზე”.
ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა Mediaset, რომელიც ასევე ხელფასის პრობლემას უსვამს ხაზს. წყაროს თანახმად, ნაპოლი ზაფხულში ვიქტორ ოსიმენს ვერ შეინარჩუნებს და თუ ამას კვარას დამშვიდობებაც დაემატება, ფანებისთვის დიდი დარტყმა იქნება.