ზურიკო დავითაშვილმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბორდო არ დატოვა და მინიმუმ სეზონის ბოლომდე ამ კლუბის ღირსებას დაიცავს. არადა, იანვარში საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევის მოსალოდნელ ტრანსფერზე არცთუ იშვიათად იწერებოდა და ამის მთავარ მიზეზად DNCG-სთან ბორდოს ფინანსური ვალდებულებები სახელდებოდა.
დაიწერა ისიც, რომ ზურიკოს გადაბირებით ორი კლუბი ინტერესდებოდა, რომელთაგან ერთი ცენტრალური აზიიდან იყო. სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ კი გამოცემა “ეკიპმა” ის ევროპული კლუბი დაასახელა, რომელსაც დავითაშვილის წაყვანა სურდა.
როგორც ირკვევა, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე მოთხოვნა შვეიცარულმა ბაზელმა გააკეთა, მაგრამ უარი მიიღო. გამოცემა არ აკონკრეტებს, ბაზელმა უარი კონკრეტულად ბორდოსგან მიიღო, ფეხბურთელისგან თუ ვინმე სხვისგან, მაგრამ აღნიშნავს, რომ შვეიცარიელები ქართველ ნახევარმცველში 3 მილიონი ევროს გადახდაზე იყვნენ თანახმა.