თებერვალი 21, 2024

უსმანე კამარას დინამო თბილისიდან რუსულ ურალში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, რისი მიზეზიც აგენტებთან დაკავშირებული პრობლემებია. ამის შესახებ კომენტარი ეკატერინბურგული კლუბის პრეზიდენტმა გააკეთა.

 

“ურალსა და დინამო თბილისს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა, მოულოდნელად თავი პრობლემებმა იჩინა. ვიღაც აგენტები გამოჩნდნენ, რომელიც ამ გარიგებიდან ასევე სარგებელს ეძებენ. შესაბამისად, ახლა, ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით მოლაპარაკება ძალიან დუნედ მიდის. ვეღარც იმას გეტყვით, რომ ეს ტრანსფერი აუცილებლად განხორციელდება” – განაცხადა გრიგორი ივანოვმა.

 

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს 24 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 380 000 ევრო უნდა მიეღო. რუსების გარდა, გვინეელი ფეხბურთელით ყაზახური ასტანა და უკრაინულ კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა, პირველი ვარიანტი სწორედ ურალი გახლდათ.

 

უსმანე კამარა დინამო თბილისში გორის დილადან, 2022 წლის იანვარში გადავიდა და დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე აკავშირებს. მან 2023 წელს ყველა ტურნირის 41 მატჩში ითამაშა, 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა. გვინეელს, რომელსაც ევროპაში შვედეთსა და ნორვეგიაშიც უთამაშია, პორტალი Transfermarkt 400 ათას ევროდ აფასებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *