თებერვალი 26, 2024

იტალიური SN-ი, Napoli Magazine და Tutto Mercato ქართველი ტალანტების მიმართ იტალიური გუნდების ინტერესზე წერენ.

 

“ხვიჩა კვარაცხელიას ქარმა ძლიერად დაუბერა და ქართველი ფეხბურთელები იტალიისათვის გაცილებით საინტერესონი გახადა. სასუოლო 2001 წელს დაბადებული ორი ფეხბურთელით, ანზორ მექვაბიშვილითა და გიორგი მოისწრაფიშვილით დაინტერესდა“, – წერს SN-ი.

კვარაცხელია ყველაზე დიდი ქართველი ელჩია, არა მხოლოდ საფეხბურთო სამყაროში. ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი, ხვიჩას გავლენის შესაბამისად იზრდება.

 

“ზაფხულში სასუოლოში დიდი ცვლილებები იგეგმება, ნახევარდაცვის ცენტრში კი რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი. ანზორ მექვაბიშვილი, შესაძლოა, ახალი პროექტის ნაწილი გახდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მის მიმართ ინტერესს სხვა იტალიური კლუბებიც იჩენენ, ამიტომ, სასუოლოს მისთვის ბრძოლა მოუწევს. მექვაბიშვილმა გასული სეზონის ჩემპიონატში ხუთი გოლი გაიტანა, ხოლო, ეროვნულ ნაკრებში შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული”.

ანზორ მექვაბიშვილი – ევროპული კლუბების სამიზნე

 

“მოისწრაფიშვილი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც გარემარბადაც შეუძლია თამაში. ჩემპიონატში 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა დააგროვა, 21-წლამდელებში კი 7 მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასუოლოს ინტერესებში ორი ხარისხიანი ფეხბურთელია“, – წერს SN-ი.

რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია და ყველა ქართველი ფეხბურთელისგან ასეთ დონეზე თამაშის მოლოდინი ვერ ექნებათ, თუმცა, ის რაც მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ გაიგო და ნათლად დაინახა, არის ის, რომ ქართველი ფეხბურთელების ღირებულება, მათ სათამაშო ხარისხთან შედარებით ძალიან დაბალია, შესაბამისად, საქართველო ბევრი ქვეყნისთვის საინტერესო ბაზარი გახდა.

სასუოლო იტალიის სერია ა-ში მე-13 ადგილზეა. ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ჩემპიონატს ლიდერობს, ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე კი ბოლო ადგილზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *