მარტი 26, 2023

მომდევნო სეზონში იტალიის სერია A-ში, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი აღმოჩნდეს – გიორგი მიქაუტაძე.

 

იტალიური გამოცემები ფრანგული მეცის 22 წლის თავდამსხმელს უდინეზესა და ჯენოას უკავშირებენ. ჯერჯერობით კონკრეტული წინადადებისა და დეტალების შესახებ საუბარი არ არის, მაგრამ დაინტერესებაზე ინფორმაცია ვრცელდება.

 

Tuttoudinese იტყობინება, რომ მიქაუტაძე უდინეზეში ბეტოს შემცვლელად განიხილება, რომელიც ზაფხულში, დიდი ალბათობით, ფრიულელთა რიგებს დატოვებს და პრემიერლიგაში გადაბარგდება. წყარო წერს, რომ ქართველი უდინელთა პროფილს კარგად ერგება – ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია.

12 გოლი და 6 საგოლე პასი – მიქაუტაძის მონაგარი ამ სეზონში

 

თავის მხრივ, Seriebnews ცნობით, უდინეზეს გარდა, მიქაუტაძით ჯენოაც დაინტერესებულია. როგორც ირკვევა, გენუელთა მთავარი მწვრთნელი ალბერტო ჯილარდინო პირადად უმიზნებს ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს. აღსანიშნავია, რომ ჯენოა ამჟამად სერია B-ში ასპარეზობს, მაგრამ სერია A-ში დასაბრუნებლად იბრძვის და კარგი შანსი აქვს, მომდევნო სეზონი ელიტარულ დივიზიონში გაატაროს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ გიორგი ჯენოას ადრეც რამდენჯერმე დაუკავშირეს.

 

მიქაუტაძემ ნოემბერში მეცთან ახალი კონტრაქტი გააფორმა 2026 წლის ზაფხულამდე. მიმდინარე სეზონს ქართველი თავდამსხმელი კარგად ატარებს და ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია 11 გოლით, საფრანგეთის თასის ჩათვლით კი 12 გოლი აქვს გატანილი, გარდა ამისა, 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.