ოქტომბერი 1, 2023

“ვალენსიას” ქართველი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მეკარედ ითვლება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით.

მამარდას ტვიტერზე პოსტი ცნობილმა სკაუტმა იაცერ კულიგმა მიუძღვნა და იგი “ქართველ ბეტმენად” მოიხსენია.

საკმაოდ საინტერესო გახლდათ ის კომენტარებიც, რომლებიც ამ პოსტის ქვეშ რიგითმა გულშემატკივრებმა დატოვეს.

მაგალითად, “ვალენსიას” ქომაგები თვლიან, რომ გიორგიმ “მესტალია” ინგლისურ ფეხბურთზე არ უნდა გაცვალოს (ქართველს სწორედ პრემიერლიგურ კლუბებს უკავშირებენ). “ღამურები” 21 წლის მეკარეს შესანიშნავს უწოდებენ და იმასაც ახსენებენ, რომ მან სულ ახლახანს გააფორმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი.

სხვათა შორის, უხვად გახლდათ კომენტარები “ნაპოლის” გულშემატკივრებისგანაც. “პარტენოპეის” ფანები მამარდაშვილს თავიანთ გუნდში ეპატიჟებოდნენ კიდეც.

როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ “დიეგო მარადონა არენაზე” დატრიალებული სასწაულების შემდეგ, ნეაპოლიტანელებმა სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც მიაპყრეს თვალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *