
საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კარიერას უდიდესი ალბათობით გერმანიაში გააგრძელებს!
გამოცემა “ბადიშე ნოიესთე ნახრიხთენი” (BNN) წერს, რომ 28 წლის ზივზივაძის ტრანსფერი მეორე ბუნდესლიგის კარლსრუეში თითქმის გადაწყვეტილია. მეტიც: ქართველ თავდამსხმელს KSC-ში დღეს ელოდებიან!
სატრანსფერო პერიოდი სამშაბათს საღამოს იხურება და ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ კარლსრუემ ყველაფერი უნდა მოასწროს. კლუბის მენეჯერი ოლივერ კროიცერი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
იაშვილმა ურჩია: ბუდუ ზივზივაძეს დღეს გერმანიაში ელოდებიან
BNN-ს ცნობით, ზივზივაძე კარლსრუეში დღეს (ორშაბათს) ჩავა და KSC-სთან კონტრაქტს 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს. როგორც იცით, ზივზივაძეს უნგრულ ფეჰერვართან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანულ კლუბს მის სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.
გერმანული გამოცემა იმასაც წერს, რომ კარლსრუეს მთავარ მწვრთნელ კრისტიან აიხნერს ზივზივაძის შეძენა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ურჩია. შეგახსენებთ, რომ იაშვილი 2007-2012 წლებში კარლსრუეში თამაშობდა. აიხნერმა რჩევა ჰკითხა ასევე უნგრელ ტამაშ ჰაინალს, რომელიც ადრე ასევე კარლსრუეს ფეხბურთელი იყო, ახლა კი ბუდაპეშტის ფერენცვაროშის სპორტული დირექტორია.