თებერვალი 9, 2023

იტალიურ მედიაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის შემტევის, გიორგი კვერნაძის შესახებ უფრო და უფრო ბევრი იწერება. “საბურთალოს” ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში იჯარის წესით “თელავში” იასპარეზა, საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშეა. Calcionapoli24-ის ცნობით, “ნაპოლის” სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი მას უდიდეს ტალანტად მიიჩნევს და სამომავლოდ “კვარას” შემცვლელადაც განიხილავს.

 

“მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლის” ერთადერთი მიზანი ამ სეზონში სკუდეტოს მოგებაა, “პარტენოპეი” სატრანსფერო ბაზარზე ახალგაზრდა ტალანტებს ეძებს, რომლებიც სპალეტის გუნდს სამომავლოდ გააძლიერებენ.

 

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, კრისტიანო ჯუნტოლი კიდევ ერთი ახალგაზრდა

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის დამატებას განიხილავს.

 

კვერნაძე ფიზიკურად ძლიერი გარემარბია, ტექნიკურია და გოლის გატანის კარგი ალღოც აქვს. ჯერ არაფერი დაუმტკიცებია, თუმცა მას თამაშის სტილით სწორედ “კვარას” ადარებენ და თავის ასაკში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. სწორედ ამიტომ, “ნაპოლი”, ისევე, როგორც ბევრი ევროპული კლუბი, მის კანდიდატურას ყურადღებით აკვირდება.

 

ცხადია, თუ “პარტენოპეი” მოქმედებას გადაწყვეტს, მოლაპარაკებებში დიდ როლს ხვიჩაც ითამაშებს. ამჟამად მისი სატრანსფერო ფასი დაბალია, რაც ფინანსურად არც ისე ძლიერი იტალიური კლუბებისთვის ტრანსფერს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.” – წერს გამოცემა.

 

შეგახსენებთ, კვერნაძის ღირებულება გერმანულ სააგენტო Transfermarkt-ზე 300 000 ევროს შეადგენს. გიორგიმ გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 21 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.