მარტი 21, 2023

კამერუნელი თავდამსხმელის, დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსოს შემდეგ, დიდი ალბათობით, ქუთაისის „ტორპედოს“კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატება. კლუბის ფან-კლუბის გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის პარაგვაელ მაურო ანდრეს კაბალეროსთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ის ქუთაისურ კლუბს, სავარაუდოდ, მალე შეუერთდება.

 

მაურო კაბალიერო ასუნსიონის „ლიბერტადის“ აღზრდილია. 2013 წელ „პორტუს“ ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მხოლოდ სარეზერვო გუნდში თამაშობდა. 2014 წლის პირველი ნახევარი იჯარით პორტუგალიურ „პენაფიელში“ გაატარა, 2014/15 წლების სეზონში კი „ავეშში“ თამაშობდა, საიდანაც 2015/16 წლების სეზონში ლიხტენშტეინის „ვადუცში“ გადაბარგდა, რომელიც შვეიცარიის მეორე (Challenge League) ლიგის კლუბია.

 

კაბალიერომ კიდევ რამდენიმე კლუბში იმოგზაურა, თამაშობდა პარაგვაის „ოლიმპიაში“ (2016), ჩილეს „პალესტინოსა“ (2017) და „სან ლუის კვილოტასში“ (2017 წლის მეორე ნახევარი), 2019-21 წლებში ჩილეს „უნიონ ესპანიოლაში“ ჩაირიცხა, ხოლო 2021 წელს კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ „აროუკასთან“.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ბოლო დროს ორი ლეგიონერით გაძლიერდა. კლუბმა კამერუნელი თავდამსხმელი დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო დაიმატა, რომელიც კამერუნის 17 წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ამჟამად კი 23-წლამდელთა ღირსებას იცავს – ის ბოლოს ზაგრების „დინამოს“ 19 წლამდელთა გუნდში თამაშობდა.

 

ამას გარდა, „ტორპედოში“ პორტუგალიელი ცენტარლური მცველი პედრო მონტეიროც ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი ტრანსფერი ახალგაზრდა მენეჯერის გეგი კიკაბიძის მონაწილეობით განხორციელდა.

 

აშკარაა, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ქართული კლუბებისგან განსხვავებით, უცხოურ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა. რა დონის ლეგიონერები დაიმატეს კახა ჩხეტიანის კლუბში, ამას ეროვნული ლიგის მატჩები აჩვენებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.