
Rugby Sevens-Europe პირველ ტურში ,,შავი ლომი” ესპანურ ,,იბერიანს” დაუპირისპირდა.
ქართველები მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდნენ აკაკი ტაბუცაძის ლელოთი, ხოლო ლუკა მანტკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შეხვედრა ,,შავი ლომის” უპირატესობით მიმდინარეობდა, შეხვედრაში მეორე ლელოს ავტორი გრიგოლ ქერდიყოშვილი გახდა, რომელმაც ძალისმიერი შეტევა ლელოდ აქცია. გაშვებული ლელოს შემდეგ, ესპანელები გააქტიურდნენ და ლელოს დადებაც მოახერხეს, თუმცა ვერ გარდასახეს. 15 ქულიანი გახდა სხვაობა ალექსანდე თოდუას ბრწყინვალე ლელოს შემდეგ და ტაიმი ,,შავი ლომის” გამარჯვებით, 20:5 დასრულდა.
მეორე ტაიმის სტარტზე ,,იბერიანსის” მორაგბეებმა უხეში შეცდომა დაუშვეს, მომენტი კი დავით აბდუშელიშვილმა გამოიყენა, გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა ლუკა მანტკავამ. სადებიუტო შეხვედრაში ლელო დადო ლუკა ცირეკიძემაც. მთელი მატჩი ბრწყინავდა ,,შავი ლომის” 10 ნომერი ლუკა მანტკავა, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ლელოთიც დააგვირგვინა. ტაიმის მიწურულს ,,იბერიანსის” მორაგბეებმა 2 ლელოს დადება მოახერხეს. შეხვედრა 39-19 დასრულდა.