აგვისტო 8, 2022

საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის 2022/2023 წლების ტურნირში ითამაშებს.

 

ქართული რაგბი ევროტურნირში მეორე ქვოტის მოპოვებას თავიდანვე ცდილობდა და დიდხანს ლოდინი არ დაჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობა არ გაზრდილა, ორ ახალ მონაწილეს შორის ერთ-ერთი ადგილი საქართველოს ჩემპიონს შეხვდა.

 

8-გუნდიანი ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა. აღმოსავლეთ კონფერენციაში სუპერ თასის პირველ გამარჯვებულ ‘შავ ლომთან’ ერთად, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’, ‘ბათუმი’ და რუმინული ფრენჩაიზი ‘ვულვზი’ ითამაშებენ. ბათუმურმა კლუბმა და რუმინელებმა რაგბი ევროპიდან (და მსოფლიო რაგბიდან) მოკვეთილი რუსული გუნდები ჩაანაცვლეს.

 

დასავლეთ კონფერენციის მონაწილეები უცვლელია – პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’, ესპანური ‘იბერიანსი’, ნიდერლანდური ‘ დელტა’ და ბელგიური ‘დევილსი’.

 

სუპერ თასის ახალი სეზონი სექტემბერში დაიწყება.

 

„მოხარულები ვართ და ვესალმებით ‘ბათუმს’, რომელიც სუპერ თასის მეორე გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ჩემპიონი ძლიერი გუნდია, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ტურნირის განვითარებას და გაზრდის რაგბის მიმართ ინტერესს. მე მას წარმატებებს ვუსურვებ“ – განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.

 

საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ საქართველოს ჩემპიონს ევროტურნირში ჩართვა მიულოცა:

 

„მეორე ქვოტა თავიდანვე მოვითხოვეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკუთარი ავტორიტეტით და პოზიციონირებით, რაგბი ევროპის ტურნირში ეს ადგილი ეკუთვნოდა. დიდი მადლობა რაგბი ევროპას, რომელმაც დაგვაფასა, როგორც მოწინავე სარაგბო ერი და ლიდერი ევროპის მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის და მიუხედავად იმისა, რომ სუპერ თასში ჩართვა არაერთ ქვეყანას სურდა, არჩევანი საქართველოს ჩემპიონზე შეაჩერა. ეს ქართული რაგბის დიდი პრესტიჟია, თავად კლუბისთვის, ევროთასებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ‘ბათუმი’ ღირსეულად იასპარეზებს ამ ტურნირში და ვულოცავ ბათუმელებს ამ დაფასებას“.

 

1969 წელს დაარსებულმა ‘ბათუმმა’, წელს მეოთხედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, როდესაც „დინამო არენაზე“ გამართულ სარაგბო ზეიმზე, ფინალურ შეხვედრაში ‘ყოჩები’ 23:14 დაამარცხა.

 

‘ბათუმმა’ ერთხელ, 2018 წელს უკვე ითამაშა ევროტურნირებზე და კონტინენტის ფარის ნახევარფინალში გავიდა. კლუბის დირექტორი გელა ქობულაძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო გამოცდილება გუნდს მომავალ ტურნირში გამოადგება:

 

„დიდი მადლობა რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას, პირადად სოსო ტყემალაძეს და ბაჩო ხურციძეს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რაგბი ევროპასთან ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოეს და ‘ბათუმს’ სუპერ თასში მონაწილეობის უფლება მოუპოვეს. ამ მიზნის მისაღწევად კლუბმაც ბევრი იშრომა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რამაც ევროტურნირებში მონაწილეობაზე ფიქრის შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენ უკვე გვაქვს საერთაშორისო გამოცდილება, კონტინენტის ფარის ნახევარფინალში გავედით და ვიმედოვნებ, სუპერ თასზეც გვექნება წარმატებები. გარდა ამისა, აუცილებლად ვიბრძოლებთ დიდი 10-ის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისთვისაც“.

 

„ორ ტურნირში მონაწილეობა შესაბამის რესურსს მოითხოვს და მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. გვქონდა წინასწარი შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან. მათი მხრიდან მაქსიმალური მზაობაა და ყველანაირად დაგვიდგებიან გვერდში, რათა ევროტურნირებზე წარმატებით ვითამაშოთ. ვმუშაობთ ტრანსფერებზე იმისათვის, რომ ‘ბათუმმა’ ღირსეულად წარმოაჩინოს ქართული რაგბის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე და შევინარჩუნოთ პოზიციები შიდა ჩემპიონატში“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.