
UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მერვეადგილოსანი გიგა ჭიკაძე (14-3) მოწინააღმდეგეებს უკვე ტვიტერის საშუალებით ეძებს და მეტოქის შესარჩევად ამჯერად ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მიმართა.
“ნინძა” ოქტაგონზე 2022 წლის 16 იანვრის შემდეგ აღარ გასულა. გიგას “კორეელ ზომბთან” (24-7) უნდა ეჩხუბა, თუმცა აზიელმა ტრავმა მიიღო. ამის შემდეგ სოდიქ იუსუფის (15-2) ვარიანტი გაჩნდა, თუმცა ნიგერიელ-ამერიკელი ჭიკაძესთან ბრძოლას ჩაეხსნა – როგორც თავად თქვა, მატჩის ჩასატარებლად ფიზიკურად მზად არ არის. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლმა მაქს ჰოლოუეი (23-7) გამოიწვია, თუმცა ჰავაიელმა არნოლდ ალენთან (19-1) დაპირისპირება არჩია.
მეტოქის გარეშე დარჩენილმა ქართველმა ტვიტერზე დაწერა და UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი, ასევე ორგანიზაციის მთავარი მატჩმეიქერი (ბრძოლების ორგანიზატორი) შონ შელბი მონიშნა: “ბიჭებო, ვის ღვიძლს გინდათ, რომ ვურტყა?”
‘დანა, ვის ღვიძლს ვურტყა?’ – გიგა ჭიკაძემ UFC-ს პრეზიდენტს მიმართა
ქვემსუბუქი დივიზიონის ტოპ 15-ში რეალურად ორი კანდიდატია, ვისთანაც გიგას ბრძოლის ჩატარება შეუძლია. ეს მე-13 ადგილზე მყოფი დან იგე (16-6) და მე-11 ნომერი ბრაის მიტჩელი (15-1) გახლავთ. წონის სხვა ტოპ მებრძოლებიდან ნაწილს მატჩი უკვე ჩანიშნული აქვს ან ტრავმირებულია. არის კიდევ ერთი სპორტსმენი, მაგრამ მის ვარიანტს არ განვიხილავთ. ცხადია, ეს ილია თოფურია (13-0) გახლავთ.
Who’s liver you guys want me to Kick?@ufc @danawhite @seanshelby @AliAbdelaziz00
— GIGA CHIKADZE (@giga_chikadze) January 30, 2023