ივლისი 2, 2022

MMA-ს ცნობილი ინსაიდერის, კანადელი არიელ ჰელვანის ინფორმაციით, UFC აგვისტოში მერაბ დვალიშვილსა და ჟოზე ალდოს შორის ბრძოლის ჩატარებას გეგმავს. UFC 278 20 აგვისტოს ამერიკის ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება.

ჰელვანი წერს, რომ ამ დროისთვის მებრძოლებს კონტრაქტზე ხელი არ მოუწერიათ, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ჩხუბიც მალე უნდა ჩაინიშნოს. მერაბისთვის ალდოსთან დაპირისპირება UFC-ში რიგით მე-10 იქნება.

ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე 2021 წლის 25 სექტემბრის შემდეგ არ გასულა. მერაბი UFC-ს პირველ ორ ბრძოლაში ფრენკი საენსთან და რიკი საიმონთან დამარცხდა, რის შემდეგაც ზედიზედ შვიდ მეტოქეს მოუგო: ტერიონ უეირს, ბრედ კანტონას, კეისი კენის, გუსტავო ლოპესს, ჯონ დოდსონს, კოდი სტამანსა და მარლონ მორაესს.

რაც შეეხება ჟოზე ალდოს, ის UFC-ს ყოფილი ჩემპიონია. ბრაზილიელს კარიერაში 38 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 31 მოიგო და 7-ჯერ დამარცხდა. ალდო ამჯერად რეიტინგის მესამე ნომერია, ხოლო მერაბი მე-6 ადგილს იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.