ოქტომბერი 12, 2024

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა.

 

საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარა ბითაძე, მეტოქეს კი NBA-ს და ევროლიგის მოთამაშეები. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან სანაძის სამქულიანით დავწინააურდით, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოვახერხეთ და მეტოქე წინ გავიდა. აქედან მოყოლებული ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, თამაშში კარგად ჩაერთო ბურჯანაძე და 5 ქულით გაქცევა

შეძლო. ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, მერე მოწინაამდეგემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 6 ქულით მოვიგეთ.

 

მესამე მეოთხედის დასაწყისში ორივე გუნდმა შეტევაში შეცდომები დაუშვა, არეული თამაში წავიდა, მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შენგელია და შერმადინი დაასვენა და დასკვნითი პერიოდის წინ ესპანელები 3 ქულით დაწინაურდნენ.

 

ისევე როგორც მთელი შეხვედრა, მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოდგა, ტრიბუნები გააქტიურდნენ, მაკფადენმა ჩამორჩენა მინიმუმადე შეამცირა,სანაძის სამქულიანით წინაც გავედით, საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ანდრონიკაშვილმა მოწინააღმდეგეს ბურთი მოჰპარა, ჩააგდო, 3 ქულით დავწინაურდით, 18 წამით ადრე ბრიზუელამ სამიანით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 67:67 დასრულდა.

 

ოვერტაიმში ანდრონიკაშვილის ძალისმევით წინ გავიჭერით, ტრიბუნები აგუგუნდა – რატი, რატი, რატი, მაკფადენმა სამიანი ჩააგდო, ორი საჯარიმოც მიაყოლა და მსოფლიოს ჩემპიონი დავამარცხეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *