თებერვალი 21, 2024

 

გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ “ვალენსიას” მეკარის სატრანსფერო დეტალებზე ინტერვიუების სერიაში, სახელწოდებით #გუგასთან, ისაუბრა.

 

სეთურიძის თქმით, “ვალენსიას” მეკარე კლუბში თავს კარგად გრძნობს, თუმცა მისდამი ინტერესი საგრძნობლად გაზრდილია.

 

გიორგისადმი მედიის ყურადღება ძალიან დიდია. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, როგორც ამ, ასევე მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. მეორე მხრივ, მამარდაშვილს ვალენსიასთან კონტრაქტი აკავშირებს და, შესაბამისად, ყველაფერი კლუბის პოზიციასა და ფეხბურთელის ნებაზეა დამოკიდებული.”

 

მამარდაშვილი ესპანურ კლუბში 2021 წელს, იჯარის წესით გადავიდა. არსებული კონკურენციის დაძლევისა და გუნდიდან სილესენის წასვლის შემდეგ, ახალგაზრდა მეკარე “ღამურების” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და 2022 წლის 1 იანვრიდან, ოფიციალურად, “ვალენსიას” რიგებს შეუერთდა

 

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მამარდაშვილის გაყიდვის შემთხვევაში “დინამო თბილისი” გარკვეულ წილს, სეთურიძემ ასე უპასუხა:

 

რა თქმა უნდა, “დინამო თბილისს” თავისი წილი ერგება. როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია, არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს. ეს პუნქტი კონტრაქტში გათვალისწინებულია და ღმერთმა ქნას, თუკი “ვალენსია” გიორგი მამარდაშვილს გაყიდის, “დინამო თბილისს” შეუძლია სოლიდური თანხა მიიღოს. ყოველთვის ასე ვმუშაობთ: ჩვენი პირადი მიზანია, რომ კლუბმა მომავალშიც მიიღოს სარგებელი და ამ მხრივ, ქართულ ფეხბურთსაც ვეხმარებით”.

 

აღსანიშნავი ფაქტია, რომ მამარდაშვილის კარიერა “დინამო თბილისში” კარგად არ წარიმართა: გიორგი ძირითადი შემადგენლობის წევრი არასოდეს ყოფილა, რის გამოც, ჯერ “რუსთავში”, შემდეგ კი “ლოკომოტივში” იყო განათხოვრებული. სწორედ “ლოკომოტივში” თამაშისას, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ლოკომოტივი” გრანადას დაუპირისპირდა, სადაც, ესპანური Marca-ს თანახმად, “ვალენსიას” წარმომადგენლები მამარდაშვილს აკვირდებოდნენ. თუმცა, სეთურიძის თქმით, “ვალენსია” მამარდაშვილით კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული.

 

ერთ დეტალს გავიხსენებ, როდესაც “ვალენსიას” პრეზიდენტი გავიცანი, მითხრა რომ “თელავთან” მატჩიც კი ჰქონდათ ნანახი”.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *