ოქტომბერი 12, 2024

გიორგი უოტფორდს 2027 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის და მის სანაცვლოდ გენტი, მედიის ცნობით, 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის  უოტფორდის ოფიციალურ საიტთან ისაუბრა.

უოტფორდთან კონტრაქტის გაფორმებაზე: “ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ კონტრაქტის გაფორმებით. აქ ყველაფერს მივეჩვიე, გუნდელებს, პერსონალს, ჩვენს საოცარ ფანებს. ბედნიერი ვარ, რომ უოტფორდის ნაწილი გავხდი. აქ ყველაფერი მომწონს, საქმისადმი მიდგომა, მაღალი პროფესიონალიზმი. ჩემთვის საოცარი გარემოა განვითარებისთვის და ფეხბურთით სიამოვნებისთვის”.

 

მიზნებზე: “ქვეყნის შეცვლა, შესაძლოა, იყოს არასასიამოვნო, მაგრამ აქ ყველა სიახლეს მალე შევეჩვიე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. წინ ბევრი გამოწვევაა, რომლებსაც ყველა ერთად გადავლახავთ. რა თქმა უნდა, მიზანი პრემიერლიგაში ასვლაა. ეს ყველას გვსურს – ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს”.

საკუთარ და კლუბის მენტალიტეტზე: “ყოველთვის მოსაგებად გავდივარ მოედანზე და მიხარია, რომ უოტფორდსაც ასეთი მენტალიტეტი აქვს. ყოველთვის ვცდილობ, დადებითი შედეგის მიღწევას. ნებისმიერი სხვა შედეგი მისაღები არ არის. მნიშვნელოვანია, ყოველთვის მაქსიმალურად მოვთხოვოთ საკუთარ თავს. ძალ-ღონე არ დავიშუროთ მიზნის მისაღწევად”.

უოტფორდის ფანებზე: “მინდა მადლობა გადავუხადო უოტფორდის ფანებს, მათგან ყოველთვის კეთილგანწყობას ვგრძნობ. სიყვარული პირველივე თამაშის მერე ვიგრძენი და მიხარია, რომ ეს სიყვარული უფრო და უფრო იზრდება. ეს მეტ სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას მმატებს. მინდა, ერთად აღვნიშნოთ ბევრი გამარჯვება, შევქმნათ ლამაზი მოგონებები. ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს – ეს ერთი დიდი ოჯახია. ასეთი გარემო ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ წარმატების მიღწევა გსურს”.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *