კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, 21 წლის შოთა იგითხანიანი, რომელმაც კლუბი “ზესტაფონი” სულ ცოტა ხნის წინ დატოვა და რადგან არცერთმა ფინანსურად გამართულმა ქართულმა კლუბმა ინტერესი არ გამოიჩინა მის მიმართ,მან კარიერის გაგრძელება იტალიაში გადაწყვიტა. ჩვენ გვქონდა მასთან გასაუბრების საშუალება და გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა გავაცნოთ, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ლიგაში თამაშობდა, თუმცა მახვილ თვალს არ გამოეპარებოდა მისი საოცრად მოგერიებული ბურთები ან თერთმეტმეტრიანები.
“ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში დავიწყე, რატომღაც ბავშვობიდან მომწონდა კარში დგომა და ქუჩაში თამაშის დროს სულ კარში ვდგებოდი. ერთხელაც ჩემმა პირველმა მწვრთნელმა-ალექსანდრე კვერნაძემ შემამჩნია ქუჩაში და მირჩია, რომ ფეხბურთის თამაში მეკარედ დამეწყო”.
ფეხბურთი ერთადერთი სპორტი არ არის, რომელშიც საკუთარი თავი გამოსცადა შოთამ, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთადერთია:
“ფეხბურთამდე, 2 წელი რაგბზე დავდიოდი, მაგრამ სულ ავღნიშნავდი, რომფეხბურთი უფრო მიყვარდა. ეხლა ვაკეთებ იმას რაც მიყვარს, რაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ამით სიამოვნებას ვიღებ”.
“ბავშვობიდან არ ვიყავი სიმაღლით გამორჩეული მეკარის სტანდარტებისთვის და სულ მიწევდა ვყოფილიყავი ყველა ასპეტქში მზადყოფნაში, რადგან გადამეფარა ეს ნაკლი. ამის გამო შემხვედრია წინაღობები, რადგან ახლანდელი ” სტანდარტები” მოითხოვს მეკარის გამორჩეულ სიმაღლეს”
ზოგიერთი ქართული კლუბი ზუსტად სიმაღლეს ასახელებენ მისი დაწუნების მიზეზად. შოთა, რომელიც 1.80 არის, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
ამ ეტაპისთვის უცნობია თუ იტალიის რომელი კლუბის ნაწილი გახდება შოთა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სულ მალე გაირკვევა და კიდევ ერთი ქართველის წარმატებას ვიხილავთ.
“ჯერჯერობით არ მაქვს კონკრეტული ვარიანტები, არის რამოდენიმე მოლაპარაკების დონეზე. ჩემთვის მისაღებ ლიგაში, სერია D-ს გუნდებში ვცდილობ რომ მოვხვდე, ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი მაქვს ამ ეტაპზე.”
“ზესტაფონის” გარდა, შოთას საქართველოს ჩემპიონატის სხვა კლუბებშიც თამაშობდა. ის ქუთაისის “ტორპედოსა” და მარტვილის “მერანის” ფეხბურთელიც იყო. ჩვენ მას ვთხოვეთ ამ გამოცდილების ფონზე შეეფასებინა საქართველოს ჩემპიონატი:
“დადებითად შევაფასებდი. რადგან ყველანაირი გარემოებების და სირთულეების ფონზე, ფეხბურთელები ენთუზიაზმით და მომავლის იმედით თამაშობენ.მე ბევრი კარგი ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია და გამკვირვებია, რომ უფრო მაღალ დონეზე რატომ არ თამაშობენ?!”
ყველაფერთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ შოთას ერთ-ერთი გამორჩეული გულშემატკივარი დედამისია. მან ჩვენთან საუბრისას ახსენა, რომ დედამისს უნდოდა თავისი შვილი ფეხბურთელი, კერძოდ მეკარე ყოფილიყო.
“რა თქმა უნდა ჩემი მშობლები არიან ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, მაგრამ გამორჩეულად დედაჩემი, რადგან ბავშვობიდან სურდა, რომ მისი შვილი ფეხბურთელი და თან მეკარე ყოფილიყო და როგორც შემიძლია ვუსრულებ ამ ოცნებას.”
შოთამ უკვე ოფიციალურად დატოვა კლუბი “ზესტაფონი”. ის ახლა იტალიაში იმყოფება და სრულიად ფეხბურთზეა კონცეტრირებული. ჯერ გარკვეული არ არის თუ რომელ კლუბში გააგრელებს ის კარიერას, თუმცა რამოდენიმე კლუბთან არის მოლაპარაკების დონეზე.