დეკემბერი 7, 2023

როგორც გუშინ გაცნობეთ, ფრანგული პრესის ცნობით, “მეცი” “აიაქსის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს. ფრანგული კლუბი მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველი 6-თვიანი იჯარის წესით გადაიბიროს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილმა ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა ვალენტიენ დრიესენმა გააკეთა. მისი თქმით, “აიაქსმა” მიქაუტაძე დაუყოვნებლივ უნდა გაუშვას, რადგან გიორგი ამსტერდამული კლუბის დონის ფეხბურთელი არ გახლავთ.

 

“მიქაუტაძის დაბრუნება “მეცში”? იმედია შეთანხმება დღესვე მოხდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფრანგული კლუბი მოთამაშის ხელფასის ნახევარს მაინც გადაიხდის.

 

ყველამ ვხედავთ, რომ მიქაუტაძე “აიაქსის” დონის ფეხბურთელი არაა, ასე რომ არ იყოს, მოედანზე

უფრო დიდ დროს გაატარებდა. მართალია, ტაილანდის ნაკრებს 4 გოლი გაუტანა, თუმცა ახლახანს მისი გუნდი ერედივიზონის ტაილანდს დაუპირისპირდა, რომელსაც “ვოლენდამი” ჰქვია, თუმცა ქალბატონებო და ბატონებო, გიორგის მოედანზე არც ერთი წამი არ გაუტარებია”, – განაცხადა De Telegraaf-ის ჟურნალისტმა.

 

შეგახსენებთ, მიქაუტაძე “აიაქსს” გასულ ზაფხულს 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ, “მეციდან” შეუერთდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *