
8 მატჩიანი მოუგებელი სერიისა და ზედიზედ 4 შეხვედრაში მარცხის შემდეგ აიაქსის მთავარ მწვრთნელს ნიდერლანდურ მედიაში აქტიურად აკრიტიკებენ. შეგახსენებთ, რომ ამსტერდამელებმა დღეს, აუტსაიდერ უტრეხტთან წააგეს და ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლეს.
Ajax Showtime-ის რედაქტორმა, ნილს ოპდამმა აიაქსის შეხვედრა გააანალიზა და მორის სტეინთან ერთად, გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა, რომელიც სათამაშოდ 91-ე წუთზე შეიყვანეს.
“ამოუცნობია, რატომ იყო ისევ დღევანდელ მატჩში აიაქსის მწვრთნელად სტეინი. ალკმაართან შეხვედრის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდებოდა. უცნაური იქნება, თუ სტეინს ამ მატჩის შემდეგ არ გაუშვებენ. ამ მწვრთნელს არანაირი ტაქტიკა, ხედვა და გეგმა არ აქვს.
როგორც იძახიან, სტეინი კარგი მენეჯერია, მაგრამ ამას მე ვერ ვამჩნევ. როგორც ჩანს, ის აწარმოებს რაღაც “პირად ომს” და მისლინტატის მიყვანილ ფეხბურთელებს არ ათამაშებს ან სხვა პოზიციაზე აყენებს. მაგალითად, არ მესმის, რა დააშავა მიქაუტაძემ. სასაცილოა ის ფაქტი, რომ სტეინს მიქაუტაძე, აკპომი და ვან დენ ბოომენი 90-ე წუთზე შემოჰყავს, როცა 3:4-ს მარცხდება”, – წერს ნილს ოპდამი.
მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში კი, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდში დარჩენის იმედი აქვს. რაც შეეხება მიქაუტაძეს, ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში ჯამში ოთხჯერ ათამაშეს და ოთხივეჯერ ვინგერის პოზიციაზე დააყენეს.