თებერვალი 21, 2024

43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

 

ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:

 

“საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა”, – ამბობს ხურციძე.

 

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული

ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

 

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *