სექტემბერი 15, 2024

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ “ლელოსთან” ინტერვიუში ბევრ და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ილაპარაკა – კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, საკლუბო აკადემიისთვის მშენებარე მოედნებზე…

 

იმაზე, თუ სად ივარჯიშებს გუნდი უახლოეს პერიოდში და იმაზეც, თუ რა გავლენას მოახდენს ინფრასტრუქტურის განვითარება აჭარაში შემოსავლების ზრდაზე და ასე შემდეგ…

 

ფულის დაგვიანება გამორიცხულია

 

– ბოლო დროს, ეროვნული ლიგის საკმაოდ ბევრ კლუბში ფინანსური პრობლემები ან შეფერხებები შეიქმნა. ამ კუთხით ბათუმის “დინამოში” როგორი მდგომარეობაა?

 

– კარგი მდგომარეობაა და ეს შეგიძლიათ სხვა წყაროებიდანაც შეიტყოთ. ხელფასებსა და პრემიებს წინსწრებითაც კი ვიხდით და არანაირი დავალიანება არ გვაქვს.

-ქართულ ფეხბურთში მსგავსი რამ წარმოუდგენელი ჩანს…

 

– სხვათა შორის, მოთამაშეებს პრემია თბილისის “დინამოსთან” მატჩის ჩათვლით გადავუხადეთ!..

 

– პრემია ფრეზეც გქონდათ?

 

– არა, მხოლოდ მოგებაზე, მაგრამ აღდგომის წინა დღეები იყო, პლუს ამას, თამაშის დეტალების გათვალისწინებით, პრემიის გაცემა მატჩის შემდეგ გადავწყვიტეთ, რადგან ბიჭებს ეს შრომა და მონდომება არ უნდა დაუკარგო.

 

თამაში რომ მთავრდება, მეორე დღეს იღებენ პრემიას და ლოდინი ერთი დღეც არ სჭირდებათ. ამით არის ძლიერი ბათუმის “დინამო”. რომ თავს კომფორტულად გრძნობენ და იციან, რომ შრომა უფასდებათ. ამიტომ უნდა ყველას ჩვენთან წამოსვლა.

 

სხვათა შორის, ამ საკითხს გუნდში მკაცრად გვიკონტროლებს მთავრობა, რადგან მათი დამსახურებაა, რომ სპონსორები მოვიდნნ და ყურადღებას აქცევენ. გეტყვით, რაც მოხდა იანვარში – გუნდში თებერვლამდე შეკრებაზე მიდიოდა და ორი თვის ხელფასი ერთად წინასწარ გავეცი – ბათუმის “დინამოში” ფულის დაგვიანება გამორიცხულია.

 

ამსტერდამის აიაქსის სტანდარტით გაკეთდა…

 

– ანგისაში ბათუმის “დინამოს” ბაზაზე მშენებლობა მიმდინარეობს. საბოლოოდ, ეს საფეხბურთო კომპლექსი რა სახეს მიიღებს?

 

– ანგისაში საფარის 3/4 დაგებულია და როცა ეს სამუშაოები დასრულდება, ძალიან მაგარი და თანამედროვე ბაზა გვექნება, მე ვიტყოდი – გრანდიოზული ბაზა!

 

– უფრო კონკრეტულად, რამდენი მოედანი კეთდება?

-4 მოედანი იქნება და ყველა – სტანდარტული, 105/70-ზე, 2 – ბუნებრივსაფარიანი და ორიც – ხელოვნური. ამას გარდა, გუნდს ფიზიკური მომზადებისთვის ცალკე მოედანი მოემსახურება, რომელიც ზუსტად ამსტერდამის “აიაქსის” სტანდარტით გაკეთდა და მისი ანალოგი იქნება. ამას გარდა, 7 არასტანდარტული მოედანი მოგვემსახურება, პლუს – კალათბურთის და ჩოგბურთის მოედნები.

 

ბათუმის ახალ ცენტრში ვივარჯიშებთ…

 

– შეიძლება ითქვას, ამის შემდეგ ბათუმის “დინამო” საუკეთესო პირობებში ივარჯიშებს?

 

– ანგისაში კი იქნება საუკეთესო საფეხბურთო კომპლექსი, მაგრამ ბათუმის “დინამო” იქ არ ივარჯიშებს.

 

– აბა, სად?

 

– ჩვენ ვისარგებლებთ ახალი ჰიბრიდული მოედნებით, რომელიც ბათუმში ევრო 2023-სთვის კეთდება. ასეთი სულ ორი საფეხბურთო ცენტრი იქნება და ამ მოედნებზე ივარჯიშებენ ინგლისის, გერმანიისა და ჩეხეთის ნაკრებები.

 

– ანუ, ხარისხიანი საფარი იქნება…

 

– რა თქმა უნდა! ეს ზუსტად ისეთივე ხარისხის მინდვრები იქნება, როგორიც ბათუმის სტადიონზეა. იქ სავარჯიშოდ ივნისის შემდეგ გადავალთ.

 

– აბა, ანგისაში ვინ ივარჯიშებს?

 

– ანგისას ბაზაზე ეს 4 სტანდარტული და არასტანდარტული მოედნები ბათუმის “დინამოს” აკადემიას გადაეცემა: 2 – ბალახის საფარით, 2 – ხელოვნურით. 15 წლის ზემოთ ასაკის ყველა გუნდი ბალახზე ივარჯიშებს და ითამაშებს.

 

კარგი ბაზებით მეტი გუნდი ისარგებლებს

 

– ბათუმში ანგისას ბაზის გარდა, თქვენ მიერ ნახსენები 2 საფეხბურთო ცენტრი შენდება და პლუს, ქობულეთშიც იგივე პროექტი ხორციელდება…

 

– მიხარია, რომ ამ კუთხით მდგომარეობა აშკარად უკეთესობისკენ იცვლება და ამაში აჭარის მთავრობასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის დიდი წვლილიცაა.

-ობიექტურად რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ფეხბურთის მომავლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს…

 

– რა თქმა უნდა! თან ეს ხომ მხოლოდ აჭარაში არ ხდება – ადრე თუ კარგი მოსამზადებელი ცენტრი მხოლოდ თბილისის “დინამოს”, “ლოკომოტივს” და ქუთაისის “ტორპედოს” ჰქონდათ, ახლა ასეთი ბაზებით ბათუმის “დინამო”, წყალტუბოს “სამგურალი” და ქობულეთის “შუქურა” ისარგებლებენ. იმედია, მალე ანალოგიურ პირობებში სხვა გუნდებიც მოემზადებიან. ეს არის ქართული ფეხბურთის წინასვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.

 

შეკრების მოსაწყობად უკვე 50-მდე საფეხბურთო კლუბი დაგვიკავშირდა…

 

– ამდენი მოედანი სპორტული ტურიზმის განვითარების წინაპირობასაც შექმნის – ეს უკვე რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს. სხვათა შორის, ამ თემაზე “ლელოს” არაერთხელ დაუწერია…

 

– დიახ, სწორედ ამაზეა გათვლა, რომ ინფრასტრუქტურა გახდეს სპორტული ტურიზმის გაზრდის წინაპირობა, რაც შედეგად აჭარაში შემოსავლების მცირე ზრდას მაინც გამოიწვევს. ეს მშენებლობები რომ დასრულდება, ერთდროულად, მინიმუმ, 7-8 გუნდს შეეძლება, რომ ჩამოვიდეს და მოემზადოს.

 

– ყველას ახსოვს, თურქეთ-რუსეთის კრიზისის დროს და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ იყო შანსი, რომ მოსამზადებლად უცხოური გუნდები აქ ჩამოსულიყვნენ, მაგრამ სათანადო მოედნები და პირობები არ იყო.

 

– რომ იცოდეთ, უკვე დაგვიკავშირდა 50-მდე გუნდი – ბათუმში შეკრების ორგანიზება სურთ. საუბარია უკრაინის, სლოვენიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და ბევრი სხვა ქვეყნის გუნდებზე.

 

მაგალითად, დავასახელებ უკრაინულ “დნიპროს”, აზერბაიჯანულ “ყაბარაღს” და სომხურ “არარატ-არმენიას”. ბათუმი ყველას უყვარს და აქ ჩამოსვლაც უხარიათ. უკვე ბევრი 5 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა.

-ეს კარგია, მაგრამ თურქეთში მოედნები სასტუმროებსაც აქვთ…

 

– რაც აქამდე აშენდა, მოედნები მათ არ აქვთ. მაგრამ მე რაც ვიცი, ახლა ვითარება იცვლება და სასტუმროების მშენებლობისას სტადიონების მოწყობასაც აპირებენ. არსებულ მოედნებს სხვებიც დაემატება.

 

თურქეთში სხვა კი არაფერი მოხდა – ანთალია და მისი მიმდებარე ზღვისპირა ზოლის ქალაქები ასე განავითარეს. დიდი იმედი მაქვს, ეს ახალი ინფრასტრუქტურა კარგ მომზადებაშიც დაგვეხმარება და ამის ხარჯზე აჭარაში ტურიზმის სეზონიც გაიზრდება და შემოსავლებიც.

 

მეორე უცხოური შეკრება აღარ დაგვჭირდება…

 

– შემოსავლების მიღების გარდა, უცხოელების ჩამოსვლა სპორტული კუთხითაც სასურველი იქნება…

 

– ბუნებრივია. უცხოეთში ორ შეკრებას რატომ ვმართავთ ხოლმე? ერთი შეკრებაც საკმარისი იქნებოდა, საქართველოში სათანადო სპარინგების შესაძლებლობა რომ იყოს.

 

უცხოელები რომ ჩამოვლენ, გუნდებს ბათუმში ვეთამაშებით და სპრინგების პრობლემა არ შეგვექმნება. კარგ მეტოქეებთან თამაში კი ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ პირობებში, მეორე უცხოური შეკრება და საკმაოდ დიდი ხარჯების გაწევა აღარ დაგჭირდება.

 

– მსგავსი რამ საბჭოური პერიოდის შემდეგ აღარ მომხდარა, რადგან აფხაზეთის მოსამზადებელ ცენტრებთან წვდომა აღარ გვაქვს, დამოუკიდებლობის პერიოდში კი საქართველოში ახალი სპორტული ბაზები არ აშენებულა და გუნდები უცხოეთში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდნენ…

-ამით ხომ მხოლოდ ჩვენ არ ვისარგებლებთ, სხვა ქართული გუნდებიც ჩამოვლენ და საკმაოდ სოლიდურ თანხებს დაზოგავენ. რაც მთავარია, ჩვენთან შეკრების ჩატარება ზამთარშიც იქნება შესაძლებელი და ზაფხულშიც.

 

კარგად მახსოვს, სად ვთამაშობდით 10 წლის წინ – ქობულეთის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, სადაც ბევრმა ტრავმა მიიღო და ზოგიერთმა კარიერაც დაასრულა. გია გეგუჩაძე რომ მოვიდა, გაგიჟდა კაცი, ნორმალური მოედანი რ გვქონდა. მიხარია, რომ ახლა ვითარება შეცვლილია და მშვენიერი სავარჯიშო პირობები გვაქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *