
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩი ნაპოლი სტუმრად მილანთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა. მან ისაუბრა, როგორც პრესკონფერენციაზე, ისე რამდენიმე იტალიური ტელეარხის პირდაპირ ეთერში.
აღსანიშნავია, რომ სპალეტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. რაც მთავარია, საპასუხო მატჩში ვიქტორ ოსიმენის მოედანზე ყოფნა დააანონსა:
…თამაშის შესახებ: “შესანიშნავი დამოკიდებულება გვქონდა, გუნდი უნდა შევაქო თამაშისთვის, თუნდაც მაშინ, როცა რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით, ასევე უნდა შევაქო მანიო. ისეთი თამაში იყო, როგორსაც ველოდი. არაფერს ვნანობ, ვიმუშავებთ. ძლიერი გუნდი მყავს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. დღეს ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ხარისხი და 10 კაცით მილანთან თანაბრად თამაში შეგვიძლია”.
…ოსიმენის შესახებ: “ფორვარდი რომ გვყოლოდა, მეტი შანსი გვექნებოდა. ოსიმენი 100%-ით იქნება საპასუხო შეხვედრაში, ყველაფერი ამისკენ მიდის. გეგმის მიხედვით გარისკვა არ ღირდა”.
…ანგისას და კიმის მომდევნო მატჩში არყოფნაზე: “სამწუხაროა, რომ ანგისა მეორე მატჩში არ გვეყოლება, რადგან ჩემი აზრით, უსამართლოდ გააძევეს. მისი შეცვლა დაგეგმილი მქონდა, მაგრამ ვერ მოვასწარი. ერთი წუთი დავკარგეთ მესამე ფეხბურთელის შერჩევაში იმიტომ, რომ სამმაგი შეცვლა მქონდა დაგეგმილი. კიმის ჟესტი? თუ ამაზე ვსაუბრობთ, მაშინ ვისაუბროთ ლეაოზე, რომელმაც დროშა გატეხა. თუ ეს ყვითელი ბარათი არ არის, გამოდის, რომ რაც მოედნის ირგვლივაა, ყველაფრის დამტვრევა შეგვიძლია? რატომ უჩვენეს ზიელინსკის ყვითელი ბარათი, როცა კრუნიჩი არცერთხელ გააფრთხილეს? ვერ გავიგე მსაჯი ყვითელ ბარათებს რა თანმიმდევრობით იყენებდა. დანაკლისი მეორე მატჩში იწონის, მაგრამ ვიმეორებ, ძლიერი გუნდი და კარგი ბიჭები მყავს, რომლებიც ხანდახან გულუბრყვილოები არიან, მაგრამ უზარმაზარი ტექნიკური შესაძლებლობები აქვთ”.
…საპასუხო მატჩსა და ნაპოლის ტიფოზების პროტესტზე: “ექვს დღეში ჩვენს სტადიონზე ვითამაშებთ და იმედი მაქვს, რომ იგივე სიურრეალისტური ატმოსფერო არ იქნება, რაც სერია A-ს ბოლო მატჩში იყო. მილანთან საშინაო მატჩში, რაც მოხდა, ვერასდროს გავიგებ და ვერც დავივიწყებ! არავის მივმართავ, უბრალოდ ვამბობ, რომ გარკვეულ რაღაცებზე მგრძნობიარე ბიჭები მყავს. გუნდის მძევლად აყვანა, რომელიც 33 წლის შემდეგ “სკუდეტოს” იგებს, აუხსნელია! საპასუხო მატჩში “სტადიო მარადონა” თუ ჩუმად იქნება, სათადარიგო სკამს დავტოვებ და სახლში წავალ. ვნახეთ, დღეს “სან სირომ” მეტოქეს რამხელა ბიძგი მისცა”.
…მომდევნო ეტაპის გასვლის შანსზე: “დიახ, შანსი თანაბარია, მაგრამ არ ვიცი, არის თუ არა, 50-50%-ზე, რადგან მათ მოიგეს პირველი მატჩი და მეტი უპირატესობა აქვთ, რადგან შეუძლიათ ისე ითამაშონ, როგორც უნდათ. თუმცა, ჩვენთვის არაფერი იცვლება, ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს, რადგან ბევრი კარგი რამ დავინახე. მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი ღია იყო და ღია რჩება. ერთ კვირაში შევხვდებით”.
ნაპოლი-მილანის საპასუხო მატჩი 18 აპრილს, “სტადიო მარადონაზე” გაიმართება.