
ქართველმა მსაჯმა ნიკა ამაშუკელმა ,,rugby.ge”-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიოს თასზე ისაუბრა. ნიკა ისტორიაში პირველი ქართველი არბიტრია, ვინც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ შეხვედრას იმსაჯებს.
ამაშუკელს იმედი აქვს, რომ ის მსოფლიოს თასის თამაშებსაც განსჯის:
„ეს იყო ინგლისი-უელსის დაპირისპირების მცირე ვარიანტი. ორივე გუნდში მრავლად არიან ეროვნული ნაკრების მოთამაშეები. უელსიდან ფანებიც მრავლად იყვნენ ჩასული ლონდონში და ინტენსიური, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ,,ოსპფრიზმა’’ მაგრად იბრძოლა და ტაიმიც მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეძლეს ინიციტივის დაუფლება და გამარჯვება. იმავე ღამით მოვიდა ახალი დანიშვნა, უკვე 1/4 ფინალური ეტაპის. ირლანდიური ,,ლენსთერისა’’ და ინგლისური ,,ლესთერ თაიგერსის’’ დაპირისპირება ერთ-ერთი ცენტრალურია ამ ტურნირზე და სასიამოვნოა მსოფლიო რაგბისგან და ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბისგან ასეთი ნდობა რომ დავიმსახურე.
შეხვედრა „ავივაზე“ გაიმართება, სადაც გარანტირებულად იქნება 54 000 გულშემატკივარი.
,,ლენსთერის’’ შემადგენლობის 60-70% ირლანდიის ნაკრების მოთამაშეები არიან.
ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული, მებრძოლი გუნდია ,,თაიგერსიც’’ და დიდი ბრძოლა გაიმართება. ეს იქნება ტესტ-მატჩის დონის რაგბი და შესაბამისად ვემზადები. გული იმაზე მწყდება, რომ არ ვიქნებით წარმოდგენილი ქართული ბრიგადით და გვერდებიდან ფრანგები დამეხმარებიან“.
მსოფლიო რაგბის სამსაჯო მენეჯმენტი მაისის დასაწყისში შეიკრიბება და იმ 19 მსაჯის ვინაობას დაასახელებს, რომლებიც მსოფლიო თასს მოემსახურებიან. აქედან 12 ცენტრალური და 7 გვერდითი მსაჯი იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიქნები. ბოლო წლებში ამ მიზნის მისაღწევად ბევრი ვიშრომე, სტრესი გამოვიარე და იმედი მაქვს შრომა დამიფასდება. მანამდე კი ჩემპიონთა თასის შეხვედრაა. ვეცდები მსოფლიო რაგბისა და ეპსრ-ის ნდობა გავამართლო და გუნდებსა და გულშემატკივარს მაღალი სტანდარტი შევთავაზო“ – აცხადებს ნიკა ამაშუკელი.