თებერვალი 26, 2024

As-მა “ნაპოლის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა სათაურით – “არსებობს გეგმა “კვარადონაზე”.

 

გამოცემა იტყობინება, რომ “რეალი” ქართველით კვლავაც დაინტერესებულია, მაგრამ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ზაფხულში ვიქტორ ოსიმენს უფრო ადვილად შეელევა, ვიდრე მას:

 

“ნაპოლის” ქართველთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია გააჩნია, რომლის საკუთარ რიგებში ხილვა პრემიერლიგის გუნდებსა და “რეალს” სურთ. ის, რასაც “კვარა” აკეთებს, ნებისმიერ წარმოსახვასა და მოლოდინს აღემატება. “სასუოლოსთან” მატჩში ამ სეზონში “აძურის” ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ნეაპოლელთა რიგებში სადებიუტო სეზონში 24 მატჩში უკვე 12 გოლი და

14 საგოლე გადაცემაა. თითქმის მისი ყველა მოქმედება შეხვედრებში გადამწყვეტია და 1990 წლის შემდეგ სკუდეტოს მოპოვება გარდაუვლად მოჩანს.

 

ბუნებრივია “კვარადონას” შესახებ მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ თავისი კლიენტი ნეაპოლში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში და არსად წასვლას არ აპირებს. გასულ ზაფხულში ხვიჩა “ნაპოლიმ” 10 მილიონ ევროდ შეიძინა, ეს თანხა “რუბინმა” და ბათუმის “დინამომ” გაინაწილეს, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სატრანსფერო საკითხებში მოლაპარაკებისას ძალიან თანმიმდევრულია, კარგად ესმის, რომ ხვიჩას ფასი მალე 150 მილიონს მიაღწევს და ახლა ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ სურს.

 

“აძურის” საზაფხულოდ კონკრეტული გეგმა აქვს: თუ კარგი შეთავაზება ექნება, ოსიმენს 100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის, კვარაცხელიას გასხვისება კი პრაქტიკულად გამორიცხულია, მეტიც, თანამშრომლობას მინიმუმ ერთი და შესაძლოა, ორი წლითაც გააგრძელებენ, რამეთუ ასაკიდან გამომდინარე “კვარადონას” კარიერაში ყველაფერი წინ აქვს, ახალი წარმატებები ელის და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა,”ნაპოლის” მარადიული გმირი გახდება”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *