დეკემბერი 2, 2023

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელშიც ნაპოლიმ იუვენტუსი ანგარიშით 5:1 გაანადგურა, გამოხმაურება ესპანურ მედიაშიც მოყვა. საინტერესო სტატია გამოაქვეყნა Fichajes.net-მა, რომელიც ირწმუნება, რომ ნაპოლის ლიდერებით – ხვიჩა კვარაცხელიათი და ვიქტორ ოსიმენით მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იმდენად არის მოხიბლული, ტრანსფერების განსახორციელებლად ყველაფერზე წამსვლელია…

 

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის 21 წლის ქართველმა შემტევმა იუვენტუსთან გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა (კიდევ ერთი გოლი მის დარტყმას მოყვა), მისმა ნიგერიელმა თანაგუნდელმა კი 2 გოლი და საგოლე პასი.

 

კვარა-ოსიმენის წყვილი ევროპაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დომინანტურია

კვარა-ოსიმენის წყვილი ევროპაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დომინანტურია

“ნაპოლი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი სენსაციაა. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს და ცხრილში 10 ქულით უსწრებს უხლოეს მდევრებს. ამასთან, ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია, სადაც ფრანკფურტის აინტრახტთან ითამაშებს. გუნდის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი კი მისი თავდასხმის ორი ლიდერის – ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შთამბეჭდავი თამაშია.

 

ქართველი გარემარბისა და ნიგერიელი ცენტრფორვარდისგან შემდგარი წყვილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი შემტევი დუეტია ევროპაში. პირველს 20 მატჩში 9 გოლი და 12 პასი აქვს, მეორეს კი – 17 თამაშში 13 გოლი და 4 პასი. ეჭვგარეშეა, რომ წინა ხაზში მათი თამაშის წყალობით, ნაპოლი იტალიიის ჩემპიონატს ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში კანდიდატია იმისა, რომ “შავი ცხენი” გახდეს.

 

ნაპოლიმ კვარა ზაფხულში 10 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი ტრანსფერმარკტი 60 მილიონად აფასებს

ნაპოლიმ კვარა ზაფხულში 10 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი ტრანსფერმარკტი 60 მილიონად აფასებს

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ხმებმა რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის – მადრიდის რეალის. ფლორენტინო პერესი იმდენად აღფრთოვანებულია ამ მოთამაშეებით, რომ მზადაა, მომავალში სატრანსფერო ბაზარზე რაღაც სიგიჟე ჩაიდინოს, რათა ხელში ჩაიგდოს.

 

ედენ აზარისა და მარკო ასენსიოს თამაშის დაბალი დონის გათვალისწინებით, რეალს როტაციის გასაუმჯობესებლად ახალი სახე სჭირდება როგორც გარემარბის, ისე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, სადაც ხანგრძლივ პერსპექტივაში ქარიმ ბენზემას სრულფასოვანი შემცვლელიც არ ჩანს.

 

პრობლემა ისაა, რომ ორივე ფეხბურთელს ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს – ოსიმენს 2025 წლამდე, კვარაცხელიას – 2027 წლამდე. ნაპოლი მათ მხოლოდ ისეთი თანხის სანაცვლოდ შეელევა, რომელიც 200 მილიონ ევროს გადააჭარბებს. ფლორენტინო პერესს ისინი გეგმაში ჰყავს”, – წერს გამოცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *