იანვარი 27, 2023

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას, კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენაზე, მაროკოს ნაკრებზე ისაუბრა, რომელმაც ტურნირზე გამგზავრებამდე ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებთან გამართა და 3:0 დაამარცხა.

 

„თუ მეგონა, რომ მაროკოს ნაკრები ასე შორს წავიდოდა? ეს ძლიერი გუნდია და ბოლო წლებში ამ გუნდის შედეგებს და სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა აფრიკის კონტინენტზე. ზუსტად აქედან გამომდინარე გვინდოდა, რომ ძლიერ გუნდთან გვეთამაშა და ვიცოდით, ვისაც ვხვდებოდით. რა თქმა უნდა, სტატისტიკის გაუმჯობესებისთვის სხვა გუნდს ვნახავდით. თუმცა, ჩვენთვის სტატისტიკა არის ის, რაც მარტში იწყება და ამ მატჩებისთვის მომზადება გვსურდა. ამიტომ გადავწყვიტეთ მაროკოსთან შეხვედრა. ისიც კარგად ვიცოდით, რომ ჩვენ იდეალურ მდგომარეობაში არ ვიყავით და ბევრი დანაკლისი გვქონდა. ეს მატჩი საჭირო იყო იმისთის, რომ სხვა ფეხბურთელებს, ვისაც ხშირად თამაში არ უწევთ, თავის გამოჩენის საშუალება მისცემოდათ. თანაც, ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან უნდა გვენახა, რა პრობლემები გვქონდა. ეს იყო ამ ამხანაგურის მთავარი იდეა.

 

სხვათა შორის, მაროკოს ჩვენთან მატჩამდეც ბევრ თამაშში გოლი არ ჰქონდა გშავებული. ცხადია, რომ ძალიან ძლიერი გუნდია და ეს მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოჩნდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მეგონა აქამდე მოვიდოდა-მეთქი. ამაზე არც მიფიქრია. საქმე მარტო ის არ არის, რომ მაროკომ ესპანეთს მოუგო. თამაშის ხარისხითაც კარგი გუნდია. დაცვაში კომპაქტურად დგანან, შეტევაში სწრაფად გადადიან, ეს ფეხბურთი კი სიამოვნებას განიჭებს. ისეთი გუნდი არაა, სულ დაცვაში რომ ზის და ბურთის მოშორებაზე ფიქრობს. აშკარად კარგ ფეხბურთს თამაშობენ“,

განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.