მარტი 28, 2024

იტალიურმა გამოცემა ilnapolista-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: “კვარაცხელია ფეხბურთის ვან გოგია, სპალეტი კი ფეხბურთს ქმნის”.

 

“კვარაცხელია, კვარაცხელია და ისევ კვარაცხელია. ბოდიშს ვუხდით ლუჩანო სპალეტის, თუმცა, ნაპოლის წარმატების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ მას ასეთი ძლიერი ფეხბურთელი დიდი ხანია არ ჰყოლია. არ დავუბრუნდებით მარადონასა და კარეკას და შედარებისთვის თუნდაც კავანი და იგუანი ავიღოთ.

 

გვესმის, რომ ნაპოლისთვის წმინდა სახელებს ვეხებით, თუმცა, ჩვენ ჟურნალისტები ვართ და გვეპატიება, ქართველი კი ფენომენალურია. ის საფეხბურთო მინდვრების ვან გოგია.

 

 

არ ვაკნინებთ ნაპოლის სხვა ფეხბურთელებს, მაგრამ ბოლონიასთან გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო მოთამაშე, რომელიც ჩვენი აზრით, თავისუფლად შეიძლება ღირდეს 120 მილიონი ევრო. ამასთან, ის ალბათ, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია, უსწრებს რა ლეაოსა და მილინკოვიჩ-სავიჩსაც.

 

ბოლონიასთან მატჩის პირველ ტაიმს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ კვარას შოუ. საწყისი ნახევარი 1:1 დასრულდა და ეს საოცარი იყო, რადგანაც სტუმრებმა მეტოქის კარისკენ მხოლოდ 2-ჯერ დაარტყეს, ხვიჩა კი შეუდარებელი იყო, მათ შორის დაცვაშიც. ვუყურებდით ქართველის თამაშს და საკუთარ თავს ვეკითხებოდით: შეუქია კი როდისმე მეტ ბასბის დაცვითი უნარებისთვის ჯორჯ ბესტი? რთული სათქმელია.

 

ის კი ვიცით, რომ ამ მხრივ პრობლემები აშკარად გააჩნიათ ლეაოსა და ვინისიუსს. ამ ფონზე, ფეხბურთელი 77-ნომრიანი მაისურით ადასტურებს, რომ კოსმიური მოთამაშეა და მინიმუმ ერთი საფეხურით მაღლა დგას, ვიდრე – სხვები. სადაც კვარაცხელიაა, იქ საფრთხეც იქმნება. მხოლოდ პირველ ტაიმში მისი ქმედებების შემდეგ, გოლის გატანა შეეძლოთ რასპადორის, მარიო რუისა და პოლიტანოს. აღარაფერს ვამბობთ იმ მომენტებზე, როდესაც კვარა თავად უტევდა.

 

ხვიჩას შოუ მე-2 ტაიმშიც გაგრძელდა. ის ორ მეტოქეს გასცდა და კარგადაც დაარტყა, მეკარემ ძლივს მოიგერია, ლოზანოს კი დამატებაზე თამაში არ გასჭირვებია. კვარაცხელია მონაწილეობა მიიღო გამარჯვების მომტან გოლშიც, როდესაც გოლკიპერთან პირისპირ ოსიმენი დატოვა. ნაპოლიმ ზედიზედ მე-10 მოგება მიითვალა, თუმცა, ისე სჩანს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ გუნდს კიდევ ბევრის მოგება შეუძლია, რადგანაც სპალეტი ის კაცია, ვინც ფეხბურთს ქმნის, თანაც მას ახლა განსაკუთრებული მოთამაშე ჰყავს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *