
ქართველმა კუდოისტებმა ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს, ეს ჩემპიონატი მათთვის ისტორიული გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
ევროპირველობაზე საქართველოს ღირსებას 6 კუდოისტი იცავდა, ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა და ახლა საქართველოს ანგარიშზე ხუთი ოქრო და ერთი ბრინჯაოა.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული კუდოს ისტორიაში პირველად კუდოში უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონი ქართველი კუდოისტი ლევან დარასელია გახდა, მან დაძაბულ ბრძოლაში ფრანგ მოწინააღმდეგეს ქაის ალ ალემს სძლია და საქარველოს ისტორიული ოქრო მოუტანა.
ასევე 19 წლამდელთა შორის ოქროს მედლებს თორნიკე კურტანიძე და სედრაკ კარაპეტიანი დაეუფლნენ. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ სედრაკ კარაპეტიანი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია.
სახლში ოქროთი დაბრუნდებიან ვასილ დვალიძე და გიორგი ჟვანიაც, რომლებმაც ზედიზედ მეორედ იზეიმეს ევროპის ჩემპიონობა, ხოლო რაც შეეხება ბრინჯაოს, მისი დასაკუთრება უფროსებს შორის მოასპარეზე რომეო გაბლაიამ შეძლო.