
ესპანეთის სუპერ თასის ნახევარ-ფინალში ერთმანეთს მადრიდის ,,რეალი” და ,,ვალენსია” დაუპირისპირდნენ.
ტრადიციურად ,,ვალენსიას” კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა და კარგი მატჩიც ჩაატარა.
ვერ ვიტყვით, რომ თამაშს ლამაზი მომენტები აკლდა, ორივე გუნდი ცდილობდა მოედანზე საკუთარი გავლენა დაემყარებინა.
ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა, კომერტმა საჯარიმოში წააქცია კარიმ ბენზემა, რომელმაც პენალტი გოლად აქცია. 46-ე წუთზე ,,ვალენსიას” რიგებიდან გოლის გატანა სამუელ ლინომ შეძლო.
მატჩის ბოლო წუთებში მამარდაშვილის გმირობამ ,,ვალენსია” ძირითად დროში მარცხისგან იხსნა. გიორგიმ ვინისიუს ჟუნიორის ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია. დამატებით დროში კროოსის შესანიშნავი გასროლაც ვიხილეთ, თუმცა მამარდაშვილი აქაც მოწოდების სიმაღლეზე იყო.
პენალტების სერიაში ქართველმა მეკარემ ვეღარ მოახერხა გუნდის გადარჩენა. საკუთარი დარტყმები ერაი კომერტმა და გუნდის კაპიტანმა, ხოსე გაიამ ვერ გამოიყენა.
მეორე ნახევარფინალური მატჩი ,,ბარსელონასა” და ,,ბეტისს” შორის ხვალ 11 საათზე გაიმართება.