ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი AMBEBI.GE-ს სტუმარი იყო, სადაც მის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებაზე და იმ გზაზე, რომელმაც წარმატებამდე მოიყვანა ისაუბრა:
ჟურნალისტი: მოულოდნელად, თქვენს ცხოვრებაში რთული ეტაპი დადგა, დაისვა დიაგნოზი, რომელმაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა… რომ არა ის დიაგნოზი, დღეს ასეთი წარმატებული ადამიანი იქნებოდით?
ხეცურიანი: არ ვიცი, სულ სხვა გეგმები მქონდა, თუმცა ცხოვრება ძალიან საინტერესოა. უდიდესი გამოცდა გავიარე ომით, შემდგომი დაბრკოლებებით, რაც მერე იმ დიაგნოზით დაგვირგვინდა, ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრის გარეშე. ალბათ ვიქნებოდი ფეხზე მოსიარულე ირმა და არა ეტლით მოსარგებლე. წავიდოდი თუ არა სპორტის მიმართულებით, არც ეს ვიცი. ისე, შრომისმოყვარე ვარ და შესაბამისად, რა სფეროსაც ავირჩევდი, იმას გავყვებოდი, მასში მაქსიმუმს ჩავდებდი და წარმატებას მივაღწევდი, მაგრამ აღიარებას მოვიპოვებდი თუ არა, ეს არ ვიცი.
ჟურნალისტი: ძლიერი ადამიანი ხართ. ეტლით უდიდეს წარმატებას მიაღწიეთ… როგორია ეტლიდან დანახული სამყარო?
ხეცურიანი: არ ვიცი. მაშინ, როცა ეტლში ჩაჯდომა მომიწია, მაშინ რამდენად ვიყავი ძლიერი ადამიანი. ყველაფერი მერე ვისწავლე, საკუთარ თავზე მუშაობამ ბევრი რამ მომცა. რაც უფრო მეტ დაბრკოლებას დაძლევ, მეტად ბრძოლისუნარიანი ხდები. ჩემი პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული იყო, ყველაფერს სხვანაირად ვხედავდი და ცხოვრება საინტერესოდ არ მეჩვენებოდა. როცა დიაგნოზის პასუხი მოვისმინე, არ ვიცოდი, მომავალში რა იქნებოდა, წარმოდგენა არ მქონდა, ამ მდგომარეობით ცხოვრება როგორ უნდა გამეგრძელებინა.
ამასთან, იმ პერიოდში არანაირი ტერმინოლოგიაც არ ვიცოდი, არც ჩემი უფლებების შესახებ მქონდა ინფორმაცია. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ახლა უკან არის… დაბრკოლებამ მომცა ბრძოლისუნარიანობა და სტიმული. ამით ჩემს გარშემო ადამიანებსაც დავეხმარე ჩემთან ერთად ებრძოლათ და გამომყოლოდნენ. ეტლიდან დანახული ცხოვრება განსხვავებულია, მაგრამ სწორედ მან მასწავლა, ვიყო ძლიერი და ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევას მედგრად და ღირსეულად შევხვდე… დიახ, ეტლმა უშიშარი ცხოვრება მასწავლა, თან, საინტერესოა, როდესაც სირთულეებს ნელ-ნელა ლახავ, არ ჩერდები. მთავარი ეს არის.
წყარო: ambebi.ge