დეკემბერი 10, 2022

Marca.ge დაუკავშირდა აჭარის ქვიშის ფეხბურთის ფედერაციის მენეჯერს ჯაბა ჭანტურიას. მას რამდენიმე კითხვა დავუსვით და საკმაოდ საინტერესო, სრულყოფილი პასუხები მივიღეთ.

– რამდენი წელია რაც საქართველოში ქვიშის ფეხბურთის ფედერაცია ჩამოყალიბდა?

– საქართველოში ქვიშის ფეხბურთის განვითარება იწყება 2010 წლიდან, ამავე წელს ჩამოყალიბდა ქვიშის ფეხბურთის ფედერაცია და აშენდა ბათუმის ქვიშის მოედანი.

– რა წარმატებები აქვს ქართულ გუნდებს ქვიშის ფეხბურთში საკლუბო ასპარეზზე?

– 2010 წლიდან მოყოლებული ბათუმმა 8 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, ასევე ძალიან ბევრ საერთაშორისო ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა საზღვარგარეთ. ქვიშის ფეხბურთი ევროპის ოლიმპიური თამაშების სახეობა გახლავთ, იმართება არაერთი საკლუბო თუ სანაკრებო ჩემპიონატები. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს BSWW ქვიშის ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციასთან, სისტემატიურად ვმონაწილეობთ საკლუბო ჩემპიონთა თასზე, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში ტარდება. მასში მონაწილეობის უფლება ქვეყნის ჩემპიონ გუნდს აქვს, ასე რომ წლებია წარმატებით ასპარეზობს ბათუმის დინამო ამ ტურნირზე.

 

– წელს ბათუმის დინამო უკვე მეშვიდეთ გახდა საქართველოს ჩემპიონი ქვიშის ფეხბურთში, როგორ შეაფასებდით ბათუმურ გუნდს?

– ბათუმის დინამო გახლავთ 7 გზის საქართველოს ჩემპიონი.ასევე ეროვნული ნაკრები უმეტესად დაკომპლექტებულია ამ კლუბის ფეხბურთელებით. ამ კლუბში წლების წინ უთამაშია ისეთ ვარსკვლავებს როგორებიც არიან: ესპანელები ედუ სუარესი და ლორენცო გომბეშო, ასევე უკრაინელი მეკარე ვიტალი სიდორენკო.

– რა წარმატებები აქვს საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე?

– 2018 წელს ნაკრების მწვრთნელად მოწვეული გახლდათ ბრაზილიელი ლეგენდა ბეტინიო. 2019 წელს კი ნიკოლოზ თოფაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი მოიგო, რომელიც ასევე პორტუგალიაში ჩატარდა. ჩვენი მეტოქეები დანიის, ნორვეგიის და ბულგარეთის ნაკრები გუნდები იყო.

– საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები წელს რა ტურნირებზე მიიღებს მონაწილეობას და რა მოლოდინი გაქვთ ამ ტურნირებზე ნაკრების?

– 2021 წლის გათამაშება სტარტს ივლისში აიღებს. წელს პანდემის გამო ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ 2022 წლიდან აუცილებლად ჩავებმებით გათამაშებაში.

მეტიც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და აჭარის მთავრობასთან რათა ბათუმმა 2022 წელს თავად უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატს ქვიშის ფეხბურთში.

 

სტატია მომზადებულია მანანა ლეშკაშელის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.