ოქტომბერი 4, 2022

ყაზანის ”რუბინის” სერბმა ფორვარდმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა მის ქართველ თანაგუნდელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით 20 წლის მარცხენა ”ვინგერმა” ყაზანური კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ არ უნდა დატოვოს.

დესპოტოვიჩმა Sport Business Gazeta-სთან ინტერვიუში აღნიშნა: ”ხვიჩას ადგილზე რომ ვიყო, რუსეთში 1-2 წლით დავრჩებოდი. აშკარაა, რომ ხვიჩა ტოპ მოთამაშეა და მას  წარმატებული კარიერა ექნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ის საუკეთესო მოთამაშეა მათ შორის, ვისთან ერთადაც პროფესიულ დონეზე მითამაშია”.

ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში უკვე საკმაოდ ცნობილია და არაერთი აღიარება მოიპოვა. ქართველი ტალანტი TOP 50 GOLDEN BOYS-ის ათეულში მოხვდა.

გამოცემა Footballcritic საკუთარი ალგორითმის მეშვეობით ადგენს საუკეთესო 50 ახალგაზრდა 21-წლამდე ფეხბურთელს. განახლებულ სიაში კვარაცხელია მე-7 ადგილზეა.

შეგახსენებთ, 18 აპრილს ”ურალთან” მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც ”რუბინს” სამ მატჩში ვერ დაეხმარა, თუმცა მან ვარჯიში განაახლა და შესაძლოა უახლოეს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, 16 მაისს ”რუბინი” ”როტორს” უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ სეზონში სლუცკის გუნდს ევროტურნირზე აუცილებლად ვიხილავთ. 29 ტურის შემდეგ ”რუბინი” 52 ქულით მეოთხე ადგილზეა.

2020-21 წლების რუსეთის პრემიერ ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიამ 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.