
”ანორთოსისის” პრეზიდენტმა ეუგენიოს ამბულასმა კლუბის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ქართველ სპეციალისტს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, რომელსაც ხელს მოაწერს.
ამბულასმა მედიასთან საუბარში განაცხადა: ”ზოგიერთმა დასვა კითხვა რამდენად ძლიერი იყო ჩემი და თემურის ურთიერთობა და რამდენად თანხვედრაში იყო ჩვენი აზრები ერთმანეთთან. მოდით მოვიცადოთ და ყველაფერს მალე გაიგებთ”.
ამბულასმა ქეცბაიასთან ახალი კონტრაქტი დააანონსა: ”მას ახალ კონტრაქტს შევთავაზევთ და ის ხელს მოაწერს”.
შეგახსენებთ, ქეცბაია ”ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2019 წლის ზაფხულში დაბრუნდა. 2020-21 წლების სეზონში ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კლუბმა 14-წლიანი პაუზის შემდეგ კვიპროსის თასი მოიგო. ასევე, 2008 წლის შემდეგ ”ანორთოსისმა” ტიტული პირველად მოიპოვა.
კვიპროსის თასის ფინალში ”ანორთოსისი” ”ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. 110-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლით ”ანორთოსისმა” გამარჯვება მოიპოვა და სეზონი ტიტულით დაასრულა