მაისი 18, 2022

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ”ფრაიბურგის” ექს-ფეხბურთელმა ლუკას ჰუფნაგელმა კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა. მან ისაუბრა , რომ გადაწყვეტილება მენჯის ტრავმის გამო მიიღო. მისთვის დიდი დატვირთვით ვარჯიში დიდ ტკივილს იწვევდა, რაც შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს უშლიდა და ამიტომ პროფესიულ დონეზე ფეხბურთის თამაში შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის კარიერის პარალელურად იურიდიულზე სწავლობდა, შემდეგ სპორტის მენეჯმენტის განხრით მიიღო განათლება, ახლა კი კვლავ იურიდიულზე სწავლას გეგმავს.

მისი უკანასკნელი კლუბი ”უნტერხახინგი” იყო, რომლის რიგებში 2012-15 და 2018-21 წლებში ასპარეზობდა.

ლუკას ჰუფნაგელი მიუნხენის ”ბაიერნის” 17 წლამდე გუნდში ირიცხებოდა, 2012-2015 წლებში კი გერმანიის მესამე ლიგის “უნტერჰახინგში’’ ასპარეზობდა, რომელსაც წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი კრისტიან ციგე წვრთნიდა. 2015 წლის ზაფხულში “ფრაიბურგის’’ ფეხბურთელი გახდა.

”ფრაის” მაისურით სადებიუტო სეზონში გუნდმა მეორე ბუნდესლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და ბუნდესლიგაში აღზევდა. აღნიშნულ სეზონში ჰუფნაგელმა კრისტიან შტრაიხის გუნდში 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი ბილეფილდის ”არმინიას” შეუგდო. 2016-17 წლების სეზონის პირველ ნახევარში ჰუფნაგელი ”ფრაიბურგის” შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა გერმანიის ელიტარულ ჩემპიონატში არ უთამაშია, რის შემდეგაც წელიწადნახევარი იჯარით მეორე ბუნდესლიგის ”ნიურნბერგში” გაატარა. 2018 წელს ”უნტერხახინგში” დაბრუნდა

ლუკას ჰუფნაგელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, პირველად ამხანაგურ შეხვედრაში კახა ცხადაძის მწვრთნელობისას ესტონეთთან იასპარეზა, მეორედ კი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში სერბეთთან გასვლით მატჩში, როცა მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო. მას ასევე უთამაშია საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.