მაისი 17, 2022

ჩვენს პატარა ქვეყანა საქართველოს არაერთი დიდი სპორტსმენი ჰყოლია.

საბჭოთა კავშიროდან მოყოლებული დღემდე საქართველო ბევრმა სპორტსმენმა ასახელა და ამ პატარა ქვეყნის სახელი მსოფლიოს გააცნო.

ახლა მათ ჩამოთვლას დღეებით სჭირდება.

თუმცა, დღეს 13 მაისს, აუცილებლად, უნდა გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, საუკუნის გოლის ავტორი თბილისის ,,დინამოს” ვარსკვლავი ვიტალი დარასელია. კაცი რომელმაც ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა.

1981 წლის 13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ,,ოქროს ასოებით” არის შესული.
ამ დღეს, ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა თბილისის ,,დინამომ” დიუსელდორფში,
,,რაზდანის” სტადიონზე იმ დროინდელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი იენის ,,კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა და ევროპის თასების მფლობელთა თასი აღმართა.

დარასელიამ მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ულამაზესი გოლი გაიტანა. ვიტალის საჯარიმოს გარეთ ყიფიანის გადაცემა მიიღო. საჯარიმოში შესულმა კი შესანიშნავი ტექნიკის წყალობით მეტოქე გუნდის ორი მცველი გააბითურა და ბურთი კარის ბადეში გაახვია.

ეს უბრალოდ რიგითი საფეხბურთო გამარჯვება არ იყო. იმდროინდელმა ,,დინამომ”, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილი ბიჭები თამაშობდნენ მთელ საბჭოთა იმპერიას და ევროპას ქართველი ერის სიძლიერე დაუმტკიცა.

საბედისწერო 13
ვიტალი დარასელია საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში აფხაზეთში ქალაქ ოჩამჩირეში 1957 წლის 9 ოქტომბერს, დაიბადა.

მომავალმა ლეგენდამ ფეხბურთის თამაში პროფესიულ დონეზე 1974 წელს, ადგილობრივ კლუბ ,,ამირანში” დაიწყო.

1975 წელს კი ,,დინამოს” ხელმძღვანელობას მისი ნიჭი და ტალანტი არ გამოპარვიათ და დარასელია ქართული ფეხბურთის მექაში აღმოჩნდა.

1976 წელს ვიტალი დარასელია საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში მიიწვიეს, სადაც ქართველმა ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
1980 წელს კი კონტინენტის პირველობის ჩემპიონი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთადაც გახდა.

დარასელია თბილისის ,,დინამოს” ღირსებას 1975–1982 წლებში იცავდა და ხანმოკლე კარიერის მიუხედავად, გუნდში 192 მატჩი ჩაატარა სა 26 გოლი გაიტანა.
დარასელიამ ,,დინამოსთან” ერთად თასების მფლობელთა თასის გარდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2-ჯერ კი საბჭოთა კავშირის თასი აღმართა.

დარასელია 5-ჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

1982 წლის, 13 დეკემბერს საქართველოს თავს უდიდესი ტრაგედია დაატყდა.
ზესტაფონთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დიდი ფეხბურთელი და დიდი ქართველი ვიტალი დარასელია დავკარგეთ. ჩვენ დიდი მამულიშვილი, მსოფლიოს ფეხბურთს კი გამოარჩეული ვარსკვლავი დაემშვიდობა.

13 რიცხვი თუ ჩვენთვის ვიტალის გამარჯვების გოლთან ასოცირდებოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ საკრალურ რიცხვად იქცა.

ლეგენდა ქალაქ ოჩამჩირის სასაფლაოზე დაკრძალეს.
დღეს, ეს ადგილი რუსებს ოკუპირებული აქვს და ქართველები ვერ ვახერხებთ იმას, რომ ჩვენს გმირს პატივი მივაგოთ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დარასელიას საფლავი ხელშეუხებელია და ომების მიუხედავად, აფხაზებს კარგად აქვთ შენახული.

ჩვენ ქართველებს ისტორიული მისია გვაქვს დავიბრუნოთ ჩვენი ძირძველი ქართული მხარე აფხაზეთი და ასევე ჩვენი გმირის ვიტალი დარასელიას საფლავი.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვიტალი დარასელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

იმედია, რომ კიდევ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი დაიბადება საქართველოში და 1981 წლის 13 მაისი ერთადერთი დიდი გამარჯვება აღარ იქნება ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში.

მანამდე კი არ დავივიწყოთ ჩვენი გმირები და იმ ქვეყნად მიულოცოთ ვიტალი დარასელიას დიდი გამარჯვების 40 წლის იუბილე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.