მაისი 24, 2022

ტურის, წრის და შესაძლოა სეზონის ცენტრალური მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე, მინდვრის განახლებულ საფარზე და თანაც, მაყურებლებთან ერთად – ბათუმი საფეხბურთო ზეიმის მოლოდინშია. ბოლო წლებში ეს ქართულ საკლუბო ფეხბურთში მთავარი თამაშია – ჩემპიონი დინამო თბილისი და ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი წელსაც ოქროს მედლების მთავარი კანდიდატები არიან.

გულშემატკივრების დასწრების ფაქტორი ამ დაპირისპირებას მართლაც სუპერმატჩად აქცევს. აჭარული კლუბი ბათუმში დაბრუნდა და ახალ სტადიონზე ითამაშებს, ისტორიაში მესამედ, ამჯერად ფანებთან ერთად. კოვიდრეგულაციების შეზღუდვების პერიოდში თამაშზე 6 200 მაყურებელი დაუშვეს და ყველა ბილეთი 6 საათში გაიყიდა. ეს საქართველოს ჩემპიონატისთვის იშვიათი მოვლენაა.

თუმცა, იმისათვის, რომ სუპერთამაშის აფიშა აფიშად არ დარჩეს, მთავარი სიტყვა, რა თქმა უნდა, მაინც ფეხბურთელებმა უნდა თქვან. დინამო თბილისი დინამო ბათუმს 3 ქულით უსწრებს და ორივე გუნდი კონკრეტული ამოცანის წინაშეა: ერთს უპირატესობის გაზრდის შანსი აქვს, მეორეს – გათანაბრების. პირველ წრეში, თბილისში სტუმრებმა გიული მანჯგალაძის ეფექტური გოლით მოიგეს და შინ 3 ქულაც წაიღეს. მას შემდეგ ორი თვე გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად ის, რომ დინამო თბილისმა მოუმატა და სატურნირო ცხრილს დიდი ხანია, სათავეში უდგას.

ბოლო ტურში დინამო ბათუმს ზღაპრული თამაში ჰქონდა – აჭარულ დერბიში ქობულეთის შუქურასთან აგებდა, მაგრამ მერე 8 გოლი გაიტანა და 8:1 მოიგო. იმავე ტურში დინამო თბილისმა ქართულ დერბიში ქუთაისის ტორპედოს მძიმედ, მაგრამ მაინც მოუგო და ცენტრალურ მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება. ორივე გუნდი დასვენებული და კარგად მომზადებულია, რადგან ეროვნულ ლიგაში 10-დღიანი პაუზა იყო.

საინტერესო უნდა გამოდგეს მწვრთნელების დაპირისპირებაც. გია გეგუჩაძე და გიორგი ნემსაძე საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეული სპეციალისტები არიან და მათ ტაქტიკურ თუ ტექნიკურ არჩევანზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გავიხსენოთ ისიც, რომ გეგუჩაძე თავის დროზე ნემსაძის მწვრთნელი იყო დინამო თბილისში. მაშინ, ბათუმელთა დღევანდელმა თავკაცმა თბილისური გუნდი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, ნემსაძე კი გუნდის კაპიტანი გახლდათ.

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი): “ძალიან კარგია, რომ ბათუმში დავბრუნდით, ეს ყველას გვახარებს. გუნდში კარგი განწყობაა, ოპტიმისტურად ვართ და ყველა ფეხბურთელი ფორმაშია. კარგია, რომ წინა თამაშში ბევრმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი, დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და იმედი მაქვს, რომ შუქურასთან გამარჯვება გუნდისთვის გარდამტეხი იქნება. ყველასთვის სასიხარულოა, რომ ბილეთები სწრაფად გაიყიდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ბათუმში ფეხბურთი უყვართ. ეს მიუთითებს, რომ ბათუმში ფეხბურთით ცხოვრობენ და ქართული ფეხბურთისთვის, საქართველოს ჩემპიონატისთვის და განსაკუთრებით დინამო ბათუმისთვის ეს შესანიშნავია. ვფიქრობ, რომ რამდენიმე გუნდია, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის და არამარტო დინამოები. ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომ ამ თამაშს საჩემპიონო სტატუსი მიენიჭება. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 3 ქულა ბათუმში დარჩეს, მაგრამ საჩემპიონო რბოლისთვის ვერ გეტყვით, რამდენად გარდამტეხი იქნება, წინ კიდევ თითქმის სამი წრეა”.

1 thought on “ახალ სტადიონზე, ფანებთან ერთად – ბათუმი სუპერთამაშის მოლოდინშია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.